„სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა”, – ინფორმაციას ამის შესახებ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი” ავრცელებს.
ორგანიზაცია ეხმაურება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის მიხედვითაც მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა არ დააკმაყოფილა აფგან სადიგოვის სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას ეხებოდა.
ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული სასამართლო იყო უკანასკნელი ეროვნული ინსტანცია, რომელსაც დევნილი ჟურნალისტისა უფლებების დაცვა და მისი ექსტრადიციის შეჩერება შეეძლო.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” 10 იანვარს მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვა დროებითი ღონისძიების (Interim measure) გამოყენება და აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ექსტრადიციის შეჩერება.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ მხარეთა ინტერესებისა და მის წინაშე სათანადო სამართალწარმოების წარმართვისთვის, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, აფგან სადიგოვი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას…
ეს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებაა, რადგან ეროვნული სასამართლოების დონეზე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული საქმის განხილვა. ამასთან, არსებობდა თეორიული შანსი, რომ სააპელაციო სასამართლოს დაეკმაყოფილებინა აფგან სადიგოვისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭება. ევროპული სასამართლო არ შეიჭრა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში და დაელოდა ეროვნული დონეზე სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ბოლომდე ამოწურვას. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე ევროპული სასამართლო სწორედ ეროვნული სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებს.
ამ წუთებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგზავნის წერილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენ ვითხოვთ, დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადის გაგრძელებას, რაც უზრუნველყოფს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობას, სანამ ევროპული სასამართლო ამ საქმეზე არსებით და საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს”, – წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანული azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, ის აქტიურად წერდა აზერბაიჯანში კორუფციასა და მწვავე სოციალურ საკითხებზე და აკრიტიკებდა აზერბაიჯანის ხელისუფლებას. სწორედ ამის გამო ის ორჯერ იყო დაპატიმრებული აზერბაიჯანში პოლიტიკური ნიშნით. პატიმრობისას იშიმშილა, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ჟურნალისტი სამკურნალოდ საქართველოში ჩამოვიდა. სადიგოვი 3 აგვისტოს დააკავეს.