სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მისასალმებელი და ჰუმანურია - ბრეგაძე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია 24 ნოემბრისთვის მიეწოდება.

„საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს წერილით ეცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ერთი კონკრეტული მოთხოვნით მიმართეს – დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან მისასალმებელი და ჰუმანური, მიზნად ისახავს მსჯავრდებულის ინტერესების დაცვას. სასიხარულოა, რომ ჩვენი სულისკვეთება სრულად ემთხვევა. უწყებამ არაერთგზის განმარტა, რომ ჩვენი ინტერესია პატიმრის ინტერესის დაცვა. ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს პენიტენციურ სისტემაში არსებული მაღალი სტანდარტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივესალმებით და სრულად ვიზიარებთ გადაწყვეტილების სულისკვეთებას და ცხადია, როგორც გადაწყვეტილებაშია მითითებული, 24 ნოემბრისთვის ევროპულ სასამართლოს მივაწვდით სრულ ინფორმაციას პატიმრის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე. ასევე გავაგრძელებთ მასზე მზრუნველობას“, – განაცხადა ბრეგაძემ.