სტრასბურგმა გიგი უგულავას დაკავებაზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა

პუბლიკა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგი უგულავას დაკავების საქმეზე დაადგინა, რომ მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა.

კერძოდ, ECHR-ის გადაწყვეტილების თანახმად, გიგი უგულავას მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 – საქმის სამართლიანი განხილვის უფლების მუხლით გარანტირებული უფლება.

მუხლის თანახმად:

„ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლო გადაწყვეტილება ცხადდება საქვეყნოდ, თუმცა მთელ სასამართლო პროცესზე ან მის ნაწილზე პრესა და საზოგადოება შეიძლება არ იქნეს დაშვებული დემოკრატიულ საზოგადოებაში მორალის, საზოგადოებრივი წესრიგის ან ეროვნული უშიშროების ინტერესებისათვის, აგრეთვე, როდესაც ამას მოითხოვს არასრულწლოვანის ინტერესები, ან მხარეთა პირადი ცხოვრების დაცვა, ანდა, რამდენადაც, სასამართლოს აზრით, ეს მკაცრად აუცილებელია განსაკუთრებული გარემოებების არსებობის გამო, ვინაიდან საქვეყნობა დააზარალებდა მართლმსაჯულების ინტერესს”.

თავად გიგი უგულავამ გადაწყვეტილების შესახებ „ფეისბუქზე” დაწერა:

„ეს ჩემი მეორე სარჩელია. პირველიც მოვიგე, რომელიც ჩემს 2014-ში დაკავებას ეხებოდა. ასე რომ, სამართალი ურმით დადის, მაგრამ ადრესატამდე მაინც მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა, სამწუხაროდ, ოლიგარქის შაპიტოა”.

2020 წლის 10 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერსა და თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას უზენაესმა სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. უგულავას საქმეზე გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის გარეშე გამოცხადდა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ ის დააკავეს.

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებოდა. 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა, სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ უგულავას სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

უზენაეს სასამართლოში საქმის წარმოება მას შემდეგ განახლდა, რაც იქ ახალი, უვადო მოსამართლეები დაინიშნნენ. უგულავას საქმეს სწორედ ახლად დანიშნული მოსამართლეები – ყოფილი მთავარი პროკურორი, შალვა თადუმაძე, ასევე ლალი ფაფიაშვილი და მერაბ გაბინაშვილი განიხილავდნენ. ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ნაწილი ამბობდა, რომ ისინი ე.წ. კლანის წევრი მოსამართლეები არიან, რომლებიც ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.