იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ეხმაურება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ამბობს, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის ადვოკატების საჩივარი – სააკაშვილი გადაყვანილიყო სამოქალო კლინიკაში. ამის შესახებ მინისტრი facebook-ზე წერს:
„სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით და მოსთხოვა შიმშილობის შეწყვეტა.
საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოს 2021 წლის 10 ნოემბრის წერილით ეცნობა, რომ ამავე თარიღში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებმა მიმართეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შემდეგი მოთხოვნით: დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა №18 სამკურნალო დაწესებულებიდან (სადაც, მომჩივანი მხარის განმარტებით, არ არის სათანადოდ დაცული მისი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება) მრავალპროფილიან სამოქალაქო კლინიკაში.
სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სახელმწიფოსთვის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ნაცვლად, მომჩივან მხარეს დაჟინებით მოუწოდა შიმშილობის შეწყვეტა.
საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 24 ნოემბრამდე ევროპულ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მომჩივნის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების თაობაზე”, – წერს ბრეგაძე.
იუსტიციის მინისტრს საგანგებო ბრიფინგზე უპასუხა საკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ: მისი თქმით, სააკაშვილის სარჩელი მხოლოდ კერძო კლინიკაში გადაყვანას არ ეხებოდა. „ჩვენი მოსაზრება იყო რომ მისი ადეკვატური მკურნალობა გლდანის ციხეში არ არის უზრუნველყოფილი. სტრასბურგის საამართლომ არ დაასახელა კლინიკა, მაგრამ დაასახელა სტანდარტი, ახლა ბატონმა ბრეგაძემ გადაწყვიტოს როგორ დაიცავს ამ სტანდარტს”. – თქვა გვარამიამ.