სტრასბურგმა საქართველო გაამტყუნა | პოლიციის მიერ ლგბტ ორგანიზაციის დარბევის საქმე

პუბლიკა

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ  გადაწყვეტილება გამოაცხადა საქმეზე „აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც ეხება 2009 წელს პოლიციის მიერ ქვეყნის პირველი ლგბტ ორგანიზაციის – „ინკლუზივის“ დარბევას.

ეს იყო საქართველოდან პირველი საქმე, რომელიც სამართალდამცველთა მხრიდან ჰომოფობიასა და სექსუალური ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაირღვა ორი მუხლი – მე-14, რომელიც დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება და მე-3, რომელიც არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას ეხება.

„პოლიციელებმა განზრახ შეულახეს ღირსება და დაამცირეს განმცხადებლები და მათი კოლეგები სიძულვილის ენის გამოყენებით, ოფისში მყოფ ადამიანთა გასაგონად შეურაცხყოფის მიყენებით ისეთი ფრაზებით, როგორიცაა „ავადმყოფი ხალხი“ და „გარყვნილები“. გარდა ამისა, ზოგიერთი პოლიციელის ქმედება შეიცავდა მუქარის ელემენტებს. პოლიციელები უხეშად, არასათანადოდ ეპყრობოდნენ „ინკლუზივის“ ოფისში შეკრებილ ადამიანებს“, – აცხადებს სტრასბურგის სასამრთლო.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლიციელები არა მხოლოდ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით ემუქრებოდნენ „ინკლუზივში“ მყოფ ადამიანებს, არამედ ფიზიკური ძალის გამოყენებითაც. მაგალითად, ერთ-ერთი პოლიციელი ნატრობდა, რომ ოფისის გადაწვის შესაძლებლობა ჰქონოდა.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ოფისში მყოფი ქალების გაშიშვლებით ჩხრეკას არანაირი საგამოძიებო ღირებულება არ ჰქონია და ეს მოქმედება მიზნად ისახავდა ადამიანების დამცირებასა და დასჯას, ლგბტ თემთან ასოცირების გამო.

სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დისკრიმინაციული მოტივით არასათანადო მოპყრობის ფაქტი არაეფექტიანად იყო გამოძებული.

ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს თითოეული განმცხადებლისათვის 2 000 ევროს გადახდა დააკისრა.

განმცხადებლები, ეკატერინე აღდგომელაშვილი და თინათინ ჯაფარიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი ინკლუზივის“ (Inclusive Foundation) თანადამფუძნებლები და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პროგრამის ყოფილი მენეჯერები, ამჟამად კი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WSIG) გამგეობის წევრები არიან. ევროპულ სასამართლოში მათ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) წარმოადგენს.

„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა“ 7 ოქტომბერს საქმის პრეისტორია გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

რას ეხებოდა საქმე?

2009 წლის 15 დეკემბერს, თბილისში, ფონდ „ინკლუზივის“ თანამშრომლები ოფისში შეიკრიბნენ სამხატვრო გამოფენისთვის სამაჯურების დასამზადებლად. საღამოს 6-7 საათზე ოფისში შეიჭრნენ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელები, უმეტესად – მამაკაცები. ისინი უყვიროდნენ თანამშრომლებს, დარბოდნენ ოთახიდან ოთახში და ეძებდნენ ფონდ „ინკლუზივის“ დირექტორს. პერსონალს მათ საკუთრებაში მყოფი ტელეფონები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ჩამოერთვა.

ჩხრეკის დაწყებისას ჩანდა, რომ პოლიციამ არ იცოდა არასამთავრობო ორგანიზაციის სამუშაოს სპეციფიკის შესახებ. როდესაც შეიტყვეს, რომ ისინი ლგბტ ორგანიზაციის შენობაში იმყოფებოდნენ, გახდნენ ძალზედ აგრესიულები, დაიწყეს ჰომოფობიური შინაარსის შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება და ღიად დასცინოდნენ იქ მყოფ ადამიანებს. პოლიცია შენობაში მყოფებს საზოგადოებასთან და ოჯახის წევრებთან მათი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებით ემუქრებოდა. განხორციელდა მუქარები ოჯახის წევრების მისართითაც. ყოველგვარი ახსნა-განმარტების და ქალებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმირების გარეშე, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ქალები გაშიშვლების მეთოდით უნდა გაეჩხრიკათ.
გაშიშვლებით ჩხრეკა ჩატარდა ოფისის ტუალეტში, ცივ და ჭუჭყიან იატაკზე, სადაც
პოლიციელები ქალებს დამამცირებლად ეპყრობოდნენ. ჩხრეკის შესახებ პოლიციას არანაირი ოქმი არ შეუდგენია. ფონდ „ინკლუზივის“ თანამშრომლების მიერ შეტანილი საჩივრები საქართველოს ხელისუფლების მიერ ძირითადად უგულებელყოფილი იქნა. გამოძიება დაიწყო პოლიციის მიერ ძალის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, თუმცა, მომხდარიდან 11 წლის შემდეგ, ის კვლავ წინასწარი გამოძიების
ეტაპზეა.

რას მოითხოვდნენ განმცხადებლები?

პირველ რიგში, განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ დაიღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-3 და მე-8 მუხლები. რომელთა თანახმადაც, არასამთავრობო ორგანიზაციის შენობაში, დარბევის დროს, პოლიციელების მხრიდან განხორციელდა მათ მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა და დაირღვა მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.
მეორე – განმცხადებლები დავობენ მათ მიმართ კონვენციის მე-13 მუხლის (რომლითაც დაცულია სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) დარღვევაზეც, მე-3 და მე-8 მუხლებთან ერთობლიობაში.
მესამე – განმცხადებლები მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ დარღვეულია კონვენციის მე -14 მუხლი და დამატებითი No12 ოქმის 1-ლი მუხლი რაც გულისხმობს შემდეგს: მათ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის და და პოლიციის მხრიდან ძალის ბოროტად გამოყენების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობა განპირობებული იყო სამართალდამცავების დისკრიმინაციული დამოკიდებულებით განმცხადებლების რეალური ან აღქმული სექსუალური ორიენტაციისა და / ან მათი ლგბტ საკითხებზე საქმიანობის მიმართ.