სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
განაცხადში მოსარჩელეები დაობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევაზე:
- მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება);
- მე-3 მუხლი (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა);
- მე-13 მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე).
განმცხადებლების მითითებით, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ სახელმწიფომ გამოიყენა არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა, რაც ეწინააღმდეგება კონვენციის მე-2 მუხლს. ოჯახის წევრები ასევე დავობდნენ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევაზე, სპეცოპერაციის განსაკუთრებით აგრესიულ და დამამცირებელ გარემოებებში წარმართვის გამო. დამატებით, განმცხადებლები მიუთითებენ, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ზემოთ მითითებული გარემოებების თაობაზე ეფექტიანი გამოძიების ჩატარება, რაც კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პროცედურული ნაწილისა და მე-13 მუხლის დარღვევას წარმოადგენს.
რა წერია გადაწყვეტილებაში:
„სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რამდენადაც, მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური.
სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა;
ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო.
სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა.
ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო”, – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი განმარტებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება.
სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის კომპენსაციის სახით 10 000, გაღებული ხარჯებისთვისკი დამატებით 15 000 ევროს გადახდა დააკისრა.