სტრასბურგში ასოცირების სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდნენ

პუბლიკა

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 12-13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში იმართებოდა, ერთობლივ განცხადებაზე ვერ შეთანხმდნენ.

სხდომამ მუშაობა 13 თებერვალს დაასრულა. ორდღიანი მუშაობის ბოლოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტს კენჭი უნდა ეყარა ერთობლივი განცხადებისა და რეკომენდაციებისთვის, თუმცა ამ ტექსტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

ეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეცხრე სხდომა იყო, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეების, დავით სონღულაშვილისა და მარინა კალიურანდის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის ინფორმაციით, ევროპარლამენტის წევრებმა მათ მიერ დეკლარაციაში შეტანილ შესწორებებს მხარი დაუჭირეს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა არც ერთ შესწორებას.

„ერთ მხარეს აღმოჩნდა საქართველოს ოპოზიცია და ევროპარლამენტი, მეორე მხარეს – ბიძინა. დოკუმენტი, რომელიც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიებას უჭერდა მხარს, „ქართულმა ოცნებამ“ დაბლოკა“, – წერს სამადაშვილი.

მისივე თქმით, საბოლოო დოკუმენტი ევროპარლამენტის თანამშრომლობის კომიტეტზე ისტორიაში პირველად ჩავარდა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი  საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სტრასბურგში ვიზიტით მყოფი დავით სონღულაშვილის კომენტარს ავრცელებს. სონღულაშვილის თქმით, რეზოლუციის ჩავარდნა ოპოზიციის ძალისხმევის შედეგია და მათი ქმედებები ანტისახელმწიფოებრივია.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საბოლოო რეზოლუცია მხარდაჭერილი არ იყო. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტში განიხილება როგორც წარმატებები, ასევე ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები. ერთი რამ, რაც პრინციპული და მნიშვნელოვანია და რაც ძალიან უხარია ოპოზიციას – დღევანდელი რეზოლუციის ჩავარდნა, ეს არ არის რომელიმე პარტიის წარუმატებლობა. ეს არის ქვეყნის წარუმატებლობა. ის ძალისხმევა, რომელსაც ოპოზიცია ქვეყნის „გაშავებისა“ და ქვეყნის უკუსვლისთვის ხარჯავს, ანტისახელმწიფოებრივია“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა შეეხებოდა გიგი უგულავას პატიმრობას, რასთან დაკავშირებითაც მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის გამოგზავნა შესთავაზა.

„ევროპარლამენტარები მზად არიან, ჩამოვიდნენ ამ მისიის ფარგლებში, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.