დღეს, 18 მარტს, მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე სალიხ შაინიძემ გამოაცხადა. მან „ბათუმელების“ დამფუძნებელი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაში ცნო სამართალდამრღვევად (173-ეს პირველი ნაწილი).
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე:
„სალიხ შაინიძემ, რომლის აცილებასაც ჩვენ ვითხოვდით, მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა პირველი დაკავების ეპიზოდზე (სანამ სისხლის სამართლის ბრალდებით დაიჭერდნენ მზიას, იმ მოვლენებს ეხება ეს საქმე). მოსამართლე შაინიძემ გამოიყენა ის ტაქტიკა, რასაც ზოგიერთი მოსამართლე იყენებს ხოლმე – განხილვისას ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამართლიანად იხილავს საქმეს, შუამდგომლობებს აკმაყოფილებს, მოწმეებს კითხავს, შსს-ს წარმომადგენლებს შენიშვნებს აძლევს, ზოგჯერ ისე ,,აბრაზებს“ საკუთარი ,,სამართლიანობით“, რომ შსს-ს წარმომადგენლები აღშფოთებულები პროცესზე მოსამართლეს იმასაც კი ეუბნებიან, რა ხდება, ,,შერჩევითი სამართალია?”
თუმცა, ეს ფარსი მაინც იმით სრულდება, რაც სისტემას უნდა. სისტემას უნდა, რომ მზია მტკიცებულებების გარეშე გასამართლდეს. ამ საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მზიამ რაიმე სამართალდარღვევა ჩაიდინა. შსს-მ გააყალბა როგორც დაკავების, ასევე, სამართალდარღვევის ოქმი, მოწმე პოლიციელმა სასამართლო დარბაზში იცრუა, წარმოადგინეს ის ვიდეოები, რომლებიც გადაღებულია მზიას ადმინისტრაციული დაკავებიდან 2 საათის შემდეგ და ვერანაირად ვერ იქნებოდა მასზე რაიმე ისეთი აღბეჭდილი, რაც მზიას წინააღმდეგ ადმინისტრაციული წესით დასჯას გაამართლებდა. ეს საქმეც სტრასბურგში მოხვდება და აუცილებლად დამტკიცდება სიმართლე. თავისუფლება მზიას“, – წერს ნონა ქურდოვანიძე.
გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური და საპროტესტო შეძახილები მოჰყვა.
შსს მზია ამაღლობელს 11 იანვარს აქციაზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა და წარმოება 173-ე მუხლით იყო დაწყებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 13 მარტს განახლდა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ სხდომაზე გამოიკითხა მოწმეები და განიხილა მტკიცებულებები.
სხდომის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა, რომ 11 იანვარს აქციაზე მზია ამაღლობელი პოლიციას აყენებდა შეურაცხყოფას. მას ქმედების შეწყვეტისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილა და პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა.
მზია ამაღლობელმა, რომელიც სხდომას დისტანციურად ესწრება, განაცხადა, რომ მისი საქმე და დაკავების ოქმი გაყალბებულია:
„საქმე, რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია. ოქმიც არის გაყალბებული. ამ საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ სტიკერი ნამდვილად გავაკარი, სრულიად გააზრებულად. ეს იყო იმ უკანონო დაკავებებზე პროტესტის გამოხატვა, რომელიც 11 იანვარს განხორციელდა.
[…] კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია და არც მოწოდებები ყოფილა… ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა. ძალიან ბევრი კამერა მუშაობდა და უბრალოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, რომ ამ სიტყვებს ვიყენებდე მე, გარდა იმისა, რომ არც დახურულ სივრცეში და არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია… კარგი იქნება, თუ სასამართლო მე და ჩემს ადვოკატებს მოგვცემს უფლებას, ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცოთ“,– თქვა მან.