„სტრატეგია აღმაშენებელი“ პრეზიდენტს მოუწოდებს, ცესკოს თავმჯდომარედ არ წარადგინოს ფორმალურად შერჩეული კანდიდატი

პუბლიკა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესით შერჩეული არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს პარლამენტს და მოხდეს ახალი, სამართლიანი პირობებით არჩეული, კონსენსუსზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონკურსანტების შეთავაზება.

პარტიის განცხადებით, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულება, ფორმალურად არ მიუდგეს ამ პროცესს და დამოუკიდებელი კომისიით, 19 აპრილის შეთანხმების პირობების დაცვით, შეარჩიოს მიუკერძოებელი კანდიდატები.

„პრეზიდენტმა უნდა იცოდეს, რომ მისი ფორმალისტური მიდგომა ამ პროცესის მიმართ არ ამცირებს, პირიქით, ზრდის მის პასუხისმგებლობას სამართლიანი არჩევნების და ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით გადაცემისთვის, რისთვისაც ხელსაყრელ პირობებს ნამდვილად არ ქმნის მმართველი პარტიის მიერ ერთპარტიულად დანიშნული ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის მესამეჯერ პარლამენტისთვის წარდგენა.

ამასთან, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის ფაილებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა მასშტაბის, როგორი ტოტალური იყო და არის საარჩევნო მანიპულაცია და ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედება. მოვუწოდებთ პრეზიდენტს, გაუმჭვირვალე და ფორმალური პროცესით შერჩეული არცერთი კანდიდატი არ წარუდგინოს პარლამენტს და მოხდეს ახალი, სამართლიანი პირობებით არჩეული, კონსენსუსზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონკურსანტების შეთავაზება პარლამენტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებთან საკონსკურსო კომისიის გასაუბრება ამ წუთებში მიმდინარეობს.

პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატები პარლამენტს წარედგინება.