„სტრატეგია აღმაშენებელი“ მოძრაობის – „შინ ევროპისკენ” მიერ აქციაზე გაჟღერებულ მოთხოვნებს პრემიერის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის მოთხოვნას უერთდება.
„ხალხი ქუჩაში გამოვიდა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, ესაა აქციის მონაწილეების მთავარი დაკვეთა. მაგრამ ამასთან დეოლიგარქიზაციის და სხვა ევროპული რეკომენდაციების შესრულების გარეშე ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს. სწორედ ამიტომ გამოსავალია გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას. ახლა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლის დრო, ქართველი ერის დაკვეთა არის ერთიანობა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის და, რა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი” ამ მოთხოვნას მხარს უჭერს”, – ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადებაში.
24 ივნისს გამართული აქციის მთავარი მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს.
მომდევნო აქცია თბილისში, პარლამენტთან 3 ივლისს გაიმართება. იქამდე კი ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა ეძლევა.