სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ გახელაძეს დავეხმაროთ - გახარია

პუბლიკა

„ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ“, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვას ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის უკანონო პატიმრობის 12 წლით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

გახარიას შეფასებით, ეს არის საოკუპაციო ძალების სრულიად უკანონო გადაწყვეტილება.

„მე პირადად მქონდა ინტენსიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ამ თემაზე და ყველა იმ დედაქალაქთან ერთად, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს წარმოადგენენ, უახლოეს პერიოდში გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ ჩვენს მოქალაქეს დავეხმაროთ“, – აღნიშნა პრემიერმა.


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქართველოს საგარეო სამინისტრო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს და მიმართავს მას, შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დარღვევა. უწყება ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს.