საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.
ექიმის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მოსალოდნელია და მისი კლინიკაში გადაყვანა აუცილებელია.
„როდესაც შევედი, ჯერ განვიხილეთ ბოლო ტესტები, რომელიც დღეს საღამოს გაკეთდა. ტესტებში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი იყო, თუმცა, რაღაც-რაღაცები იყო გაუარესებული – არ ვიტყვი, რომ რაღაც დრამატული ცნობები ვნახეთ. შემდეგ გავესაუბრეთ პრეზიდენტს, მისი მდგომარეობა იგივეა, რაც გუშინ იყო, ნელ-ნელა მძიმდება. ასე რომ, ახალი არაფერი არაა. შიმშილობის დროს ადამიანი უარესად ხდება და უფრო მეტი პრობლემა გვექნება წინ. ამისთვის საჭიროა, ჰოსპიტალიზაცია. შიმშილობის დროს მარტო ღვიძლი არ ზიანდება, არამედ მთელი ორგანიზმი. ასე რომ, სანახავია ბევრი სპეციალისტის მიერ. რაში გჭირდებათ მრავალპროფილური საავადმყოფოო, რომ ამბობენ, იმიტომ, რომ ნახოს ბევრმა სპეციალისტმა.
თუ მხედველობაში ვიქონიებთ შიმშილს, სტრესს, გადატანილ კოვიდს, არ უნდა გვიკვირდეს, რომ მეხსიერებაში იყოს პრობლემები.
ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნდა ნახოს ალტერნატიული კონსილიუმი, რომელშიც შედის მისი პირადი ექიმი ჰოლანდიიდან, რომელიც მკურნალობდა მას კოვიდის დროს და ასევე რამდენიმე ექიმი. თუმცა, პირველ კომისიაზე ის უარესს არ იძახის. სანამ მეორე კომისიას არ შეხვდება, არ შეხვდება პირველ კომისიას. ეს იმიტომ კი არა, რომ პირველი კონსილიუმი ცუდი იყო, არავითარ შემთხვევაში. ორივე კომისია მოსწონს, მაგრამ ალტენრატიულიც უნდა, რომ ნახოს“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ინფორმაცია, რომ სააკაშვილს მეხსიერების პრობლემები გაუჩნდა, ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტმა საუბრისას ვერ გაიხსენა მეგობრების სახელები, მაგალითად, ელენე ხოშტარიასი.
მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა, შიმშილობს.
დღეს გავრცელდა სახალხო დამცველის მიერ გლდანის მე-18 დაწესებულების ხელმეორედ შემოწმების დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დაწესებულებაში ცვლილებებია, თუმცა კონსილიუმის რეკომენდაციას ისევ ვერ აკმაყოფილებს.