სტუ-ის რექტორი: კვირის ბოლოს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან

პუბლიკა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილეს, ზვიად გაბისონიას შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუ-ის რექტორმა, დავით გურგენიძემ განაცხადა, უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოებამ მინისტრის მოადგილეს წარუდგინა მოსაზრებები და ხედვები, ხოლო კვირის ბოლოს დაიგეგმა „ოცნების“ განათლების მინისტრთან, გივი მიქანაძესთან შეხვედრა.

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. უნივერსიტეტის აკადემიურმა საზოგადოებამ – საბჭომ, დეკანებმა, ინსტიტუტის დირექტორებმა, რექტორატმა, ადმინისტრაციამ სამინისტროსთან წარმოადგინა თავისი მოსაზრებები, წინადადებები კონცეფციასთან დაკავშირებით – რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შერწყმა, რა არის ამაში დადებითი, ჩვენ რას ვხედავთ უარყოფითს. ეს იყო პროფესიოული საუბარი.

ბევრი შეკითხვა იყო და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ბატონი ზვიადი და სხვა პირები ამ ყველაფერს მიაწვდიან ბატონ მინისტრს და ჩვენ დავიგეგმეთ, რომ კვირის ბოლოს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან, რის შემდეგაც შევაჯერებთ საბოლოო პოზიციებს, რაზეც აკადემიური საბჭო მიიღებს ან ასეთ, ან ისეთ გადაწყვეტილებას.

ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არ მოხდება არავის ხელი გადაგრეხა. იქნება ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია და კანონი. ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში და ერთობლივი გადაწყვეტილებით“, – თქვა დავით გურგენიძემ.

შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „ქართული ოცნების“ განათლების სამინისტრომაც.

სამინისტროს განცხადებით, სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, „სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები და დაეფიქსირებინათ თავიანთი მოსაზრებები“.

„მსგავსი შეხვედრები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან გაგრძელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


29 იანვარს „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პარტიამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.

მიქანაძის განმარტებით, ეს იქნება საწინდარი იმისა, რომ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდება რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი“.

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო „საბჭო“ და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც რეორგანიზაციის პროცესის წარმართვას უზრუნველყოფენ.

მისივე თქმით, უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესორის აკადემიური თანამდებობა და ამ თანამდებობაზე კონკურსის წესით შერჩეული პირები უზრუნველყოფენ სასწავლო და კვლევითი საქმიანობის სტრატეგიულ ხელმძღვანელობას, ხარისხის ზრდასა და ახალგაზრდა აკადემიური პერსონალის განვითარებას.

ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან როგორც თსუ-ის, ისე სტუ-ის ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი. უნივერსიტეტებთან რამდენიმეა დღეა, აქციები იმართება.