საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი არ ეთანხმება უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებას მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი ახლახან გამოქვეყნებულ განცხადებას, მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, არ ეთანხმება. ჩვენი საუნივერსიტეტო საზოგადოება პატივს სცემს თითოეული სტუდენტის აზრსა და დამოკიდებულებას, და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის უნდა გამომდინარეობდეს სტუდენტთა ინტერესებიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
სტუდენტები დღეს სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსთან იყვნენ მისული და აქცია გამართეს. ისინი რექტორისგან ყაველაშვილზე დაწერილი განცხადების წაშლას, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პოზიციის დაფიქსირებას და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ძალადობის დაგმობას მოითხოვენ.
დავით გურგენიძემ პოსტის წაშლაზე უარი თქვა.
„ყაველაშვილი არის საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი 29 დეკემბრიდან, მერე რა, რომ არ მეთანხმებიან. მილიონ 12 ათას კაცს სხვა აზრი აქვს დანარჩენს სხვა აზრი აქვს… რეჟიმი საქართველოში არ არსებობს“, – განაცხადა რექტორმა.
მიხეილ ყაველაშვილის გაპრეზიდენტებაზე განცხადება სტუ-ის ვებგვერდზე 16 დეკემბერს გამოქვეყნდა.
„თქვენო აღმატებულებავ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოების სახელით, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე, უძველესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე ქვეყნის, საქართველოს, მოსახლეობა იმედით გიყურებთ, რომ ამ რთულ პროცესში, თქვენ, საქართველოს მხედართმთავარი, უდიდეს წვლილს შეიტანთ ჩვენი სამშობლოს უსაფრთხოების, გამთლიანებისა და ეკონომიკური ზრდის პროცესში. ღრმად გვწამს, რომ საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ერი მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ივლის. გილოცავთ და გისურვებთ ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და ხალხს“, – აღნიშნულია დავით გურგენიძის განცხადებაში.