სტუდენტები აკადემიურ პერსონალს: ამოიღეთ ხმა, გაიფიცეთ, დადექით სტუდენტების გვერდით

პუბლიკა

სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები ეხმაურებიან ინფორმაციას, რომ, შესაძლოა, საქართველოს უმაღლესმა განათლების სისტემამ დაკარგოს EQAR-ის (ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის) რეგისტრაცია და EQNA-ს (უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის) წევრობა.

„ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:

1. საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხი ვერ შეესაბამება ევროპული განათლების ხარისხის სტანდარტებს.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მთლიანად განათლების სექტორში დაკარგულია პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, რაც იწვევს მათ პარტიული გავლენების ქვეშ მოქცევას.

ეს ყველაფერი ნიშნავს:

– ეჭვქვეშ დგება საქართველოში მიღებული უმაღლესი განათლების ხარისხის სანდოობა;

– კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ქართული დიპლომების მნიშვნელობა დასავლურ საერთაშორისო არენაზე და კრედიტების აღიარების საკითხი ბოლონიის პროცესის მონაწილე ქვეყნებში;

– საფრთხის ქვეშ დგება ქართველი სტუდენტების ევროპულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვის მაჩვენებელი, ასევე საერთაშორისო მობილობისა და სხვა პროგრამების ხელმისაწვდომობა;

– ქართული განათლების სისტემა ევროპული საგანმანათლებლო სივრცისგან იზოლაციაში ექცევა.

ეს უდიდესი დარტყმაა ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც მუშაობენ კარიერული განვითარებისა და ქვეყნის წინსვლაში საკუთარი წვლილის შესატანად. წლების შრომა წყალში იყრება, და თითოეული დიპლომისა თუ სერთიფიკატის ღირებულება მნიშვნელოვნად კლებულობს.

მოყენებული ზიანი შეიძლება გამოუსწორებელი იყოს.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ სტუდენტებს:

ხვალ აღარც ოქროს მედლებს, აღარც წითელ დიპლომებს და აღარც სწავლაში გატარებულ თითოეულ წუთს ექნება აზრი, თუ ახლა არ გავერთიანდებით და ერთად არ ვიბრძოლებთ. სანამ კიდევ გვაქვს დრო ცვლილებებისთვის, გაიფიცეთ, შემოგვიერთდით და მიიღეთ მონაწილეობა საპროტესტო აქციებში!

მოვუწოდებთ აკადემიურ პერსონალს:

თქვენ საუკეთესოდ გესმით, რამხელა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი განათლების სისტემა და ქვეყნის მომავალი. ახლა სიჩუმე დანაშაულია. ამოიღეთ ხმა, გაიფიცეთ, დადექით სტუდენტების გვერდით და ჩაერთეთ საპროტესტო პროცესებში!

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები:

– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

– საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;

– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;

– თავისუფალი უნივერსიტეტი;

– აგრარული უნივერსიტეტი;

– საქართველოს უნივერსიტეტი;

– შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი. სია განახლებადია…