სტუდენტები: კანცელარიიდან გაიყვანეს დაცვა, დოკუმენტებზე პასუხისმგებლობა ეკისრება უნივერსიტეტს

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, კანცელარიის ოთახის დატოვებას არ აპირებენ. მათი თქმით, ისინი რჩებიან ტერიტორიაზე, სანამ მათი მოთხოვნა – გათავისუფლდეს გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული თსუ-ის ლექტორი აკაკი ჩიქობავა და ილიაუნის დოქტორანტი გიორგი ხასაია – არ შესრულდება.

სტუდენტების მოთხოვნაა, უნივერსიტეტმა, მათდამი სოლიდარობის ნიშნად, გამოაცხადოს გაფიცვა. მათ მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის პოზიცია ჩიქობავას თავდებში დადგომაზე არასაკმარისია და საჭიროა, რომ უნივერსიტეტმა მხარდაჭერა გაფიცვის ფორმითაც დააფიქსიროს.

„უკვე მეოთხე დღეა, დაკავებული გვაქვს კანცელარია. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ გათავისუფლდნენ დაკავებულები – აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია, ამასთანავე, ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს ოჯახების გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრებლიდან.

კანცელარიაში შემოვედით იმიტომ, რომ მკაფიო მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ლექტორს აკაკი ჩიქობავას, რომელიც წლებია უნივერსიტეტში ასწავლის საქართველოს ისტორიას.

ამასთან ერთად, მოვითხოვთ, რომ უნივერსიტეტმა შეწყვიტოს საქმიანობა და გადავიდეს გაფიცვის რეჟიმში, იყოს ეს სიმბოლური გაფიცვა ამ ადამიანებისთვის და სოლიდარული გაფიცვა, რადგან აუცილებელია საკუთარი კოლეგის გვერდით დგომა.

უნივერსიტეტი ჩვენ არ გვთანხმდება იმას, რომ გაიფიცოს. ჩვენ კი ვცდილობთ, რომ ხელი შევუშალოთ უნივერსიტეტის საქმიანობას”, – აცხადებს „მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრი ილია ჭანტურია.

დღეს, 29 იანვარს სტუდენტებმა ასევე ისაუბრეს კანცელარიის ოთახში დოკუმენტების უსაფრთხოებაზე და პასუხისმგებლობა ამ კუთხით სრულიად უნივერსიტეტს დააკისრეს.

მათი განმარტებით, წინა დღეების განმავლობაში, მათივე მოთხოვნით, კანცელარიის ოთახში დოკუმენტების უსაფრთხოებაზე ზრუნვისთვის იმყოფებოდა უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელი. დღეიდან კი ადმინისტრაციამ დაცვის გამოყოფაზე უარი განაცხადა. სტუდენტების შეფასებით, ეს გაკეთდა იმის გამო, რომ „ჩვენ შეგვიქმნან დისკომფორტი, რაიმე დაგვაბრალონ, ან რაიმე დაშავდეს და პასუხისმგებლობა აგვიკიდონ”.

„დღეს მოხდა ის, რომ პირველი დღიდან ჩვენ მშვიდობიანად შემოვედით, დავიკავეთ კანცელარიის ოთახი. ამასთანავე, ჩვენ მოვთხოვეთ დაცვის უფროსს დაცვის წევრების შემოყვანა ოთახში, იმის გამო, რომ აქ ინახება დოკუმენტები, გარკვეული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა დაეკისრა თავად დაცვას, უნივერსიტეტს. ამ დროის განმავლობაში თავად დაცვა იყო ჩვენ გვერდით და იცავდა ამ დოკუმენტებს.

დღეს რაღაც სვლა გააკეთეს, რომ გაიყვანონ დაცვის წევრები ოთახიდან, და სრული პასუხისმგებლობა დაგვაკისრონ ჩვენ, რაც თავის თავში მალავს იმ საშიშროებასაც, რომ შესაძლებელია პოლიციის ძალით გამოგვიყვანონ უნივერსიტეტიდან, იმ შემთხვევაში, თუ სრული პასუხისმგებლობა ამ დოკუმენტებზე ჩვენ დაგვეკისრება.

ახლა ვცდილობთ, რომ გავაკრათ დამცავი [პოლიეთილენის პარკი], უნივერსიტეტის დავალებით და ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე ვიცავთ დოკუმენტებს, ხელს, რა თქმა უნდა, არ ვკიდებთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული”, – ამბობს ჭანტურია.

„პუბლიკა” ცდილობს საკითხის ადმინისტრაციასთან  გარკვევას.


თსუ-ის განცხადებით, აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას.

ჩიქობავა და ხასაია 23 იანვარს გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს. მათ პროკურატურა აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებას ედავება. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.