თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტების ინფორმაციით, შესაბამისი შეტყობინება მათ დღეს მიიღეს.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი“, – წერია შეტყობინებაში, რომელიც სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან მიიღეს.
ადმინისტრაცია სტუდენტებს ეუბნება, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია 3 სამუშაო დღის განმავლობაში რექტორთან წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
სტუდენუტრი მოძრაობის ინფორმაციით, სტატუსი შეუწყდა 10 სტუდენტს. ქეთი ჯავახიშვილი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ისინი დეტალების გარკვევას ადმინისტრაციასთან ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
„პუბლიკა“ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლები ჩვენს ზარს არ პასუხობენ.
მოგვიანებით უნივერსიტეტმა განცხადება გაავრცელა:
„ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროდ ვთვლით განვმარტოთ:
რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული. სტუდენტებს აქვთ უფლება გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს, სამი სამუშაო დღის განმავლობაში.
რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“.
ამ წუთამდე ბუნდოვანია, ეთიკის კომისიამ უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული რომელი ნორმების საფუძველზე მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება. ოქმი, რომელშიც სამართლებრივად უნდა იყოს დასაბუთებული კომისიის გადაწყვეტილება, არ გასაჯაროებულა.
თეატრალური უნივერსიტეტის წესდებაში, რომელიც უნივერსიტეტის გვერდზეა გამოქვეყნებული, სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია ჩამოთვლილი. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს სტუდენტის სტატუსთან შეუთავაზებელი ქმედება. როგორიცაა:
- თ.ა) უხეში და არაეთიკური დამოკიდებულება, ძალადობა და შეურაცხყოფა სტუდენტების, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიმართ;
- თ.ბ) შეფასების მიღების მცდელობა გამომცდელზე მუქარით, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მოტყუებით, თაღლითობითა თუ სხვა დაუშვებელი ხერხებითა და ქმედებით.
თეატრალური უნივერსიტეტის ეთიკის მუდმივმოქმედი კომისიის დებულების მიხედვით, კომისია შედგება შვიდი წევრისგან, რომლებიც გადანაწილებულნი არიან შემდეგი პრინციპით:
- უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
- უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე;
- უნივერსიტეტის იურისტი;
- წარმომადგენელი დრამის ფაკულტეტიდან;
- წარმომადგენელი კინო-ტელე ფაკულტეტიდან;
- წარმომადგენელი სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტიდან;
- წარმომადგენელი უნივერსიტეტის თვითმმართველობიდან.