სტუდენტები თსუ-ის პეტიციაზე: შეწყვიტეთ ეს პრაქტიკა, დააზიანებს ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობას

პუბლიკა

„ეს პროცესი დააზიანებს ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობას”, – ასე ეხმაურებიან თსუ-ის პირველი კორპუსის კანცელარიიდან სტუდენტები ადმინისტრაციის მიერ გუშინ, 29 იანვარს გავრცელებულ პეტიციას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სტუდენტების მიერ კანცელარიის დატოვებაზე პეტიცია შექმნა და ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.

„გუშინ გავრცელდა პეტიცია, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ლექტორებს ცალკეულად ურეკავს, მეილზე უგზავნის პეტიციას, რომელიც არის შემდეგი შინაარსის, რომ „კაკო და გიორგი არიან დაკავებულები, ეს გასაგებია, მაგრამ ეს სტუდენტები როგორი ცუდები არიან”, – დაახლოებით ასეთია შინაარსი ანუ არის მაქსიმალური შეტევა ჩვენს ბრძოლაზე, სტუდენტების წინააღმდეგაა მიმართული.

ჩვენ გვაქვს ძალიან მარტივი მოწოდება – შეწყვიტონ ეს პრაქტიკა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არც პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება, მეორე – ვერცერთ სტუდენტს ეს ვერ შეაშინებს, მხოლოდ იქნება პროცესი, რომელიც დააზიანებს შემდგომში ლექტორისა და სტუდენტის ურთიერთობასაც, რაც ჩვენ არ გვინდა”, – განაცხადა საბა ქერქაძემ.

ამას გარდა, მისი განცხადებით, სტუდენტები რჩებიან კანცელარიის ოთახში, მანამდე, ვიდრე გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა არ გათავისუფლდებიან. სტუდენტების პოზიცია უცვლელია, რომ უნივერსიტეტი სოლიდარობის ნიშნად უნდა გაიფიცოს და ამ ფორმით დააფიქსიროს პოზიცია მისი ლექტორის დაკავებაზე.


ჩიქობავა და ხასაია 23 იანვარს გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს. მათ პროკურატურა აღსრულების ბიუროს მანქანის დაზიანებას ედავება. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.