სტუდენტების კვოტირებას და საგანმანათლებლო პროგრამებს მთავრობა განსაზღვრავს - ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში

პუბლიკა

„ქართულმა ოცნებამ“ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარმოადგინა.

პარლამენტში საკომიტეტო განხილვები მისაღებ ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე დაიწყო.

„ქათული ოცნება“ ცვლილებების პროექტს დაჩქარებული წესით მიიღებს.

პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის გაუმჯობესება.

აქვე განმარტებულია, რომ არსებული საგრანტო სისტემა საჭიროებს რეფორმირებას, რადგან „იგი სათანადოდ ვერ ასახავს სხვადასხვა ფაკულტეტის განსხვავებულ ფინანსურ მოთხოვნებს და არ არის სრულად ორიენტირებული უმაღლესი განათლების სფეროში სახელმწიფოს პრიორიტეტული ამოცანების შესრულებაზე.“

  • 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა როგორც ბაკალავრიატზე, ასევე მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება.

საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, მთავრობა უზრუნველყოფს დაფინანსების იმავე მექანიზმით, რომელიც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

წარმოდგენილი რეფორმის ფარგლებში, კანონით აღარ განისაზღვრება დაფინანსების არსებული მოდელები, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტები და პროგრამული დაფინანსება.

  • სტუდენტების კვოტირებას და საგანმანათლებლო პროგრამებს მთავრობა განსაზღვრავს

როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვან ნაწილს არ გააჩნია მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური დისკუსიების მოცულობა განსაკუთრებით მცირეა.

კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ეს გარემოებები ზღუდავს აკადემიური სტანდარტების დამკვიდრებას და ინოვაციური პროცესების ინტეგრირებას სასწავლო საქმიანობაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა, განათლების სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმის) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება მიენიჭება უნივერსიტეტებს.

პროექტში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღებისას კვოტების რაოდენობრივი განაწილება ამჟამად არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების სიღრმისეულ ანალიზს.

შესაბამისად, კანონპროექტით განისაზღვრა, სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას – როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით.

აღნიშნული ცვლილება დღეს „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ საკომიტეტო განხილვისას ასე განმარტა:

„წელს არსებული პირველი კურსის, მეორე, მესამე, მეოთხე და მაგისტრატურის სტუდენტები ჩვეულებრივ მიიღებენ საგრანტო დაფინანსებას იგივე ლოგიკით, მათ შორის კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებიც. ეს აღარ შეეხება მხოლოდ მომდევნო წელს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტებს.

ამ ცვლილებების მიხედვით საქართველოს მთავრობას ენიჭება დელეგირება განსაზღვროს ორი მთავარი პარამეტრი, პირველი: სტუდენტების კვოტირების საკითხი. სტუდენტების რაოდენობის კვოტირება მოხდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ის დაეფუძნება შრომის ბაზრის მოთხოვნებს. ამ მიმართულებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რათა დავადგინოთ 4-5 წლიან პერიოდში შრომის ბაზრის მიმართულებით მოთხოვნები, რომლის კონვერტირებასაც პროფესიებიდან მოვახდენთ საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით, ამით დადგინდება მთავრობის მიერ კვოტირების საკითხი, იმ რაოდენობების საკითხი, რომელიც პროგრამებში უნდა იყოს.

მეორე მოდელი გულისხმობს მთავრობის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების განსაზღვრას. საქართველოს მთავრობა, მის საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გეგმავს განსაზღვროს ის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი“,- თქვა ზვიად გაბისონიამ.

გაბისონიას განმარტებით, უწყებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მუშაობენ, რათა დაადგინონ 4-5 წლიან პერიოდში შრომის ბაზრის მიმართულებით მოთხოვნები. მისივე თქმით, მთავრობა, მის საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გეგმავს განსაზღვროს „ის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი.“ თუმცა მისივე განმარტებით, ჯერჯერობით სამუშაო პროცესი არ დასრულებულა.

  • გარდა ამისა, კანონპროექტით განისაზღვრა, რომ საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესსა და პირობებს.

საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, დაინერგება 3+1 +1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი – მაგისტრატურას.

შესაბამისად, ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. ხოლო დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი იქნება.

კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე.

კერძოდ, დღეს მოქმედი სისტემით სტუდენტზე სასწავლო გრანტი გაიცემა როგორც სახელმწიფო ისე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სტუდენტები კერძო უნივერსიტეტებში ვერ ისარგებლებენ სახელმწიფო დაფინანსებით.

„შესაძლოა კანონპროექტის შედეგად გამოწვეულ იქნეს კერძო სამართლის იურიდიული ფორმით დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობის ცვლილება, რაც გავლენას მოახდენს უნივერსიტეტების შემოსავლებზე“,-ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება სახელმწიფო ხარჯებს. როგორც განმართებით ბარათში ვკითხულობთ,  2026 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით პროგრამის „უმაღლესი განათლება“ გათვალისწინებულია 173.9 მილიონი ლარი.

პროექტის მიხედვით, 2026 წლიდან დაიწყება კონცეფციის განხორციელების პირველი ეტაპი, რომლის დაფინანსებაც გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული წლიური ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში, ხოლო რაც შეეხება მომავალი 3-4 წლის პერიოდს, მის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების მოცულობა გათვალისწინებული იქნება შემდგომი/შესაბამისი წლების საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.

გარდა ამისა, როგორც განმარტებიტ ბარათშია ნათქვამი, 2026 წელს შესაძლებელია საჭირო გახდეს ბიუჯეტიდან დამატებით თანხის გამოყოფა, რაც დამოკიდებულია მთავრობის მიერ განსაზღვრულ სტუდენტების მიღების კვოტაზე, ასევე, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე შერჩეულ პროფესიებზე. ბიუჯეტიდან დამატებით გამოსაყოფი თანხა შეადგენს არაუმეტეს 20,000,000 ლარს.