პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს 40 მილიონი ლარის დავალიანება გაუნულდებათ და, სურვილის შემთხვევაში, სტატუსის აღდგენა შეეძლებათ.
ამ გადაწყვეტილებით, სტუდენტების მრავალწლიან პრობლემას პრემიერმა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უპასუხა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა, ასევე, პრემიერის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებული სკანდალი.
სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემა დღის წესრიგში უკვე წლებია, დგას. ამას მოწმობს ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაერთი საპროტესტო აქცია, რომლებიც სტუდენტებმა პრობლემის მოგვარების მოთხოვნით გამართეს. გროვდებოდა ხელმოწერებიც, დაიწერა პეტიციაც. ასევე, მედია არქივში მრავლად იძებნება ბოლო ათწლეულის განმავლობაში განათლების სხვადასხვა მინისტრის განცხადებები სტატუსშეჩერებული სტუდენტების მზარდ სტატისტიკასთან დაკავშირებით.
ის, რომ წლების განმავლობაში პრობლემა მასშტაბური იყო, მიუთითებს სტატისტიკური მონაცემებიც.
Factcheck-ის მიერ გაანალიზებული მონაცემებით, 2023 წლისთვის სტატუსი 59 750 სტუდენტს შეუჩერდა, აქედან ფინანსური დავალიანების გამო – 21 137 სტუდენტს, რაც სტატუსშეჩერებული სტუდენტების მთლიანი რაოდენობის 35.4%-ს შეადგენს.
მომზადებულ მასალაში Factcheck ეყრდნობა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებს, რომელიც აღწერს სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობას 2013-2023 წლებში (13.02.2023-ის მდგომარეობით):
განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განმარტა, რომ დავალიანება გაუნულდებათ სტუდენტებს, რომლებსაც სტატუსი აქვთ შეჩერებული და არა შეწყვეტილი.
მინისტრი განმარტავს, რომ კანონის შესაბამისად, სტატუსის შეჩერების ვადა არის ხუთი წელი. სტუდენტს ხუთი წელი აქვს უფლება, ფინანსური დავალიანებისა თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო ჰქონდეს შეჩერებული სტატუსი. ხუთი წლის შემდეგ სტუდენტს უწყდება სტუდენტის სტატუსი და ეროვნული გამოცდებით ხელახლა უწევს ამისი მოპოვება.
„ამ შემთხვევაში, ჩვენ აღებული გვაქვს მაქსიმალური ვადა, ხუთი წელი. შესაბამისად, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული და არა შეწყვეტილი, მათ შეეხებათ გადაწყვეტილება, რადგან შეწყვეტილზე აზრი აღარ აქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ში გასამგზავრებლად ჩარტერული (კომერციული) რეისი გამოიყენა. მთავრობაში დაადასტურეს, რომ აგვისტოში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში გაემგზავრა შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრების ხარჯი მისმა მამამ ტარიელ ღარიბაშვილმა გაიღო.
მომდევნო დღეებში, სწავლის დაწყების წინ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა სტუდენტებისთვის რამდენიმე სიახლე დააანონსა. პირველი, სტიპენდიის გაორმაგება იყო, მეორე კი – სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულება.