თსუს-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნაწილი უნივერსიტეტიდან 2 ლექტორის, ირინა ხერხეულიძისა და გიორგი ცერცვაძის გათავისუფლებას აპროტესტებს.
საპროტესტო აქცია თსუ-ის მეორე კორპუსთან იმართება.
„თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ვაპროტესტებთ პროფესორების გათავისუფლებას, რაც აშკარად პოლიტიკური მოტივებით არის განპირობებული. წლების განმავლობაში, ეს ლექტორები მაღალი აკადემიური სტანდარტებით, სტუდენტების მხარდაჭერით, პრინციპულობითა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულებით გამოირჩეოდნენ.
მათი წვლილი დიდია უნივერსიტეტში კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. მათი დათხოვნა გამოხატვისა და აკადემიური თავისუფლების, დემოკრატიული პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რაც უნივერსიტეტისთვის, როგორც ცოდნისა და თავისუფალი აზრის სივრცისთვის მიუღებელია. გარდა ამისა, მოვითხოვთ, თსუ-ს ადმინისტრაციამ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილების საფუძვლები საჯაროდ განმარტოს და გამჭირვალე არგუმენტები წარმოადგინოს და პოლიტიკური ჩარევისგან აკადემიური სივრცის დაცვა უზრუნველყოს. უნივერსიტეტში გარანტირებული იყოს აკადემიური თავისუფლება და პლურალიზმი”, – აქციაზე შეკრებულ სტუდენტებს მიმართვის ტექსტი წაუკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
გუშინ, 10 მარტს, ცნობილი გახდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ორი ლექტორი, ირინე ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს.
ამ დრომდე ცნობილი არ არის ოფიციალური განმარტება უნივერსიტეტის მხრიდან, თუ რა გახდა ლექტორების გათავისუფლების მიზეზი. თავად გათავისუფლებული ლექტორები დეტალებზე არ საუბრობენ.
„პუბლიკა“ შეეცადა როგორც მათთან საუბარს გათავისუფლების მიზეზების შესახებ, ასევე დილიდან ვცდილობთ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებას, სადაც ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს ამ დრომდე არ პასუხობენ.
განახლება:
მას შემდეგ რაც ორი დღის განმავლობაში „პუბლიკა“ უშედეგოდ ცდილობდა თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებას, სადაც ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობდნენ, 13 მარტს უნივერსიტეტში მივედით, სადაც იურიდიული ფაკულტეტის დეკანს თამარ ზარანდიას შევხვდით, მაშინ როცა ის უნივერსიტეტის ეზოში იმყოფებოდა.
დეკანს ლექტორების გათავისუფლების მიზეზებზე ვკითხეთ. თამარ ზარანდიამ მხოლოდ ის გვითხრა, რომ „არავინ გაუთავისუფლებიათ“ და ლექტორებს უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ვადა მარტში ამოეწურათ და კონტრაქტები არ გაგრძელდა. დეკანმა დეტალებზე არ იასუბრა და გვითხრა, რომ უფრო ვრცელ პასუხს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მეშვეობით იმავე დღეს გამოგვიგზავნიდა. რადგან პასუხი იმავე დღეს ვერ მივიღეთ, მომდევნო დღეებში ჩვენ გავაგრძელეთ კომუნიკაცია თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან , სადაც გვითხრეს, რომ იურიდიული ფაკულტეტიდან მათთვის ინფორმაცია ჩვენთვის გადმოსაცემად არ მიუწოდებიათ.
ჩვენ დამატებით თამარ ზარანდიას შეტყობინებაც მივწერეთ, სადაც ვწერდით, რომ დაპირების მიუხედავად ლექტორების გათავისუფლებაზე განმარტებები არ მიგვიღია და ვკითხეთ თუ როდის მივიღებდით პასუხს, თუმცა მან ჩვენს შეტყობინებას არ უპასუხა.
„პუბლიკამ“ 11 მარტს ოფიციალური წერილითაც მიმართა უნივერსიტეტს, რომელშიც ლექტორების გათავისუფლების შესახებ განმარტებას ვითხოვდით, წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.