სტუდენტების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ | რა იგეგმება

პუბლიკა

სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან.

სტუდენტები სხვადასხვა ლოკაციიდან მარშით შეუერთდებიან 15 აპრილს დაგეგმილ საპროტესტო აქციას.

„სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „იუჯის სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, სამოქალაქო მოძრაობა „კარი“ და „კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა“ მარშს 11 საათზე რუსთაველის მეტროდან დაიწყებენ.

„სტუდენტები კვლავ იქ უნდა ვიდგეთ, სადაც საფრთხე ემუქრება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს – ევროპას, დემოკრატიულ ღირებულებებსა და კეთილდღეობას.

მნიშვნელოვანია, რომ რუსული კანონი არ გასცდეს საკომიტეტო მოსმენას და არ გავიდეს პლენარულ სხდომაზე, რადგან ინიციატორს კანონპროექტის გამოთხოვა მხოლოდ პირველ მოსმენამდე შეუძლია, ამის შემდეგ კი საჭირო გახდება კანონის ჩაგდება პირველ მოსმენაზე, რაც მეტად ართულებს პროცესს“, – ნათქვამია სტუდენტური მოძრაობების საერთო განცხადებაში.

მსვლელობა გაიმართება თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოდანაც. სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ აცხადებს, რომ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები პარლამენტისკენ 12:00 საათზე დაიძვრებიან.

„საქართველოს ევროპული მომავალი ის მონაპოვარია, რომლის ხელიდან გაშვებაც უპატიებელი დანაშაული იქნება ყველასთვის.

საქართველო ვერ იცხოვრებს პუტინის კანონებით! არ დავუშვებთ იმის სისრულეში მოყვანას, რაც პუტინის რუსეთში სწორედ ამგვარი კანონით დაიწყო 2012 წელს.

რეალური აგენტების ვინაობა ყველამ იცის და საზოგადოება მათ საკუთარ ადგილს მიუჩენს!

ერთი კაცის ბატონობა ამ ქვეყანაში ვერ გაფორმდება!“, – წერს სტუდენტური მოძრაობა „თავისუფლებისთვის“.

რუსულ კანონს ასევე აპროტესტებს „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ სტუდენტური თვითმმართველობა და აანონსებს, რომ აქციას შეუერთდებიან.

„შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, რა თქმა უნდა, კვლავ მტკიცედ ამბობს – „არა – რუსულ კანონს“.

ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობასა და სტუდენტური ძალის მნიშვნელობას, სწორედ ამიტომ:

მოგიწოდებთ ყველას, გავერთიანდეთ და ერთად შევუერთდეთ პროტესტს. ერთად ვებრძოლოთ ყველაფერს, რაც ევროპულ გზაზე სვლაში მავნებლურად გვიშლის ხელს“, – ნათქვამია სტუდენტური თვითმმართველობის გავრცელებულ განცხადებაში.

რუსულ კანონს აპროტესტებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც. 

„15 აპრილს, 11 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვერთიანდებით რუსული კანონის წინააღმდეგ. მსვლელობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტამდე, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი“, – წერენ აქციის ორგანიზატორები.

ბათუმელი ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის 15 აპრილს ბათუმში გამართავენ აქციას „ბათუმელი სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ“.

„ბათუმელი სტუდენტები ისევ უნდა გავერთიანდეთ.

ოცნებამ სიტყვა გატეხა, გადაგვაგდო. ეროვნული ნაკრების წარმატებით გაერთიანებული ერი, ივანიშვილმა კვლავ გაგვყო.

ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, გვინდა საქართველო იყოს იქ, სადაც მისი ადგილია. ამ გზას თაობები სიცოცხლის ფასად იცავდნენ, არავის აქვს უფლება გადაუხვიოს.

ვინც რუსულ საქმეს აკეთებს ქართველი ხალხის მტერია.

15 აპრილს, 14 საათზე, გელოდებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან.

არა – რუსეთს.

კი – ევროპას“, – ვკითხულობთ ბათუმელი სტუდენტების გავრცელებულ განცხადებაში.