„სტუდენტებისთვის საცხოვრისის ხარჯები სტატუსის შეჩერების ერთ-ერთი ფაქტორია" | კვლევა

პუბლიკა

რა ტიპის სოციო-ეკონომიკური საჭიროებები უკავშირდება უმაღლესი განათლების მიღებას საქართველოში? – უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ბარიერებზე, პერსპექტივებსა და პრობლემებზე ფრიდრიხ ებერტის ფონდმა სტუდენტთა სოციალური საჭიროებების კვლევა ჩაატარა. კვლევის საველე სამუშაოები პანდემიის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ავტორები ანა პაპიაშვილი და თემო ბეჟანიძე არიან.

წინამდებარე კვლევა შეისწავლის საქართველოში უმაღლესი განათლების საფეხურზე მყოფი სტუდენტების სოციო-ეკონომიკურ და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბარიერებს. სახელდობრ:

  • ზოგადი განათლების საფეხურიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის პროცესს,
  • სწავლის გადასახადის თავისებურებებს და ყოველდღიურ ხარჯებს,
  • საცხოვრისთან დაკავშირებულ საკითხებს, დასაქმების შესაძლებლობებს და პოლიტიკას და სწავლებასთან დაკავშირებულ სხვა ბარიერებს.

კვლევამ აჩვენა, რომ უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის კონტექსტში, საცხოვრისი წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, რომელიც ნეგატიურად აისახება სტუდენტთა სოციალურ კეთილღეობაზე.

ხელმისაწვდომობის კონტექსტში, მეორე მნიშვნელოვან პრობლემას სასწავლო გადასახადი წარმოადგენს. ამ ორი ფაქტორის კომბინაცია კი სტატუსის შეჩერების ძირითადი საფუძველი ხდება, განსაკუთრებით იმ სტუდენტების შემთხვევაში, ვინც სხვადასხვა რეგიონიდან ქ. თბილისში გადმოვიდა სასწავლო მიზნებისთვის.

აღნიშნულ ფაქტორებთან ერთად, უმაღლესი განათლების დაფინანსების სიმცირე და სტუდენტთა დაბალი შემოსავლები ხშირად ხდება მიზეზი, რომ სტუდენტები ჩაერთნონ მომსახურების სექტორში. ამ კონტექსტში, უმაღლესი განათლება ნაკლებად უწყობს ხელს პროფესიული ნიშნით დასაქმების შესაძლებლობის გაზრდას.

ძირითადი მიგნებები

გადასვლა ზოგადიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე:

– კერძო და საჯარო სკოლას შორის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი რესურსები და შესაძლებლობებია. ამასთან მნიშვნელოვანი განსხვავებაა კლასში მოსწავლეთა რაოდენობასა და პედაგოგთა დამოკიდებულებებს შორის, კერძოდ, საჯარო სკოლაში არსებობს მოლოდინი, რომ მოსწავლე ყველა საგანში დამატებით მოემზადება.

– მნიშვნელოვან ფაქტორად გამოიყო ოჯახი – სტუდენტების შეფასებით, ოჯახი და თავადაც, სოციალური წნეხის ქვეშ ექცევიან და საზოგადოების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულების შიშის გამო სკოლის შემდეგ უწყვეტად აბარებენ უნივერსიტეტში.

– საბაკალავრო საფეხურიდან მაგისტრატურაზე სწავლის უწყვეტად გაგრძელების მნიშვნელოვან მოტივად დასაქმების გაზრდილი შესაძლებლობა დასახელდა. ამ ეტაპზეც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ოჯახის გადაწყვეტილება, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუკი სწორედ პირველადი ჯგუფი არის სწავლის დაფინანსების ერთადერთი ან ერთ-ერთი ძირითადი წყარო.

– უმაღლესი განათლება მამრობითი სქესის სტუდენტების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ საშუალებად დასახელდა.

სტუდენტთა შემოსავლები და დანახარჯები: დასაქმება, საცხოვრისის პოლიტიკა და სწავლის გადასახადი:

– კვლევა აჩვენებს, რომ არსებობს კონფლიქტი სტუდენტთა დასაქმებასა და მათ საგანმანათლებლო პრაქტიკას შორის. უმაღლესი განათლება ნაკლებად ზრდის დასაქმების შანსს პროფესიული ნიშნით. თუმცა, მომსახურების სფეროში დასაქმება ქმნის მნიშვნელოვან ბარიერებს სასწავლო დროსთან ადაპტაციაში.

– დასაქმებული სტუდენტების ნაწილი ფიქსირებულზე მეტ საათს მუშაობს, რაც უარყოფითად აისახება მათ ყოველდღიური ცხოვრებაზე, განსაკუთრებით კი სწავლის პროცესზე. გაწეულ საქმესა და ანაზღაურებას შორის არსებული დისბალანსის გამო კი, ანაზღაურება ყოველთვიური ხარჯების დასაფარადაც არ არის საკმარისი.

– სტუდენტების აზრით, უნივერსიტეტში მიღებული განათლება დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებსა და ცოდნას ვერ უზრუნველყოფს, განსაკუთრებით პროფესიით დასაქმების შემთხვევაში. მიღებული ცოდნით, საკუთარი სპეციალობით სტაჟიორად დასაქმებაც კი პრობლემურ საკითხად განიხილება.

სოციალური საკითხები და საცხოვრისის პოლიტიკა: 

– საცხოვრისის საკითხი სტუდენტებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ მთავარ ხელშემშლელ ბარიერს წარმოადგენს. გასათვალისწინებელია, რომ ყოველთვიური ხარჯების ჭრილში საცხოვრისი ყველაზე დიდი წილითაა წარმოდგენილი.

– საცხოვრისის პრობლემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ სტუდენტებისთვის, ვინც რეგიონებიდან ქ. თბილისში გადმოვიდნენ სწავლის მიზნით. სტუდენტებისთვის საცხოვრისთან დაკავშირებული ხარჯები სტატუსის შეჩერების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს.

– სტუდენტური საცხოვრებლების სიმცირის და ქირავნობის მაღალი ხარჯების გამო, სტუდენტთა ნაწილი ქ. თბილისთან ახლოს სხვა ქალაქებში (ძირითადად, რუსთავი) ქირავნობის პრაქტიკებსაც მიმართავს, რათა შეამციროს აღნიშნული ხარჯები.

სწავლის გადასახადი და მასთან დაკავშირებული საკითხები:

– სწავლის გადასახადი, საცხოვრისის ხარჯებთან ერთად, სტუდენტების ყოველთვიური დანახარჯების ძირითად ნაწილს შეადგენს.

– სწავლის გადასახადის დასაფარად მთავარ ფინანსურ წყაროდ ოჯახი და ანაზღაურებადი სამსახურიდან შემოსავალი დასახელდა. პანდემიიდან გამომდინარე კი, სტუდენტების დიდი ნაწილი დასაქმებას ვერ ახერხებს, ამდენად მთელ ხარჯზე პასუხისმგებელი ხშირად ოჯახია. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მშობლებს, სწორედ შვილ(ებ)ის სწავლის გადასახადის დაფარვის მიზნით, ემიგრაციაში უწევთ წასვლა.

– სწავლის გადასახადის დასაფარად სტუდენტებს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს უწევთ სამომხმარებლო სესხით სარგებლობა.

– სწავლის საფასურის გადახდა განსაკუთრებით დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული არსებული კოვიდ პანდემიის პირობებში, რაც უკავშირდება სტუდენტებში სამსახურის და შესაბამისად, სტაბილური შემოსავლის წყაროს დაკარგვას.

სასწავლო რესურსებზე ხელმისაწვდომობა:

– სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტების შეფასებით, საგნის სილაბუსში მითითებული ძირითადი ლიტერატურა ხელმისაწვდომია დისტანციური სწავლების ფორმატის ფარგლებშიც. მსგავს გამოცდილებაზე მიუთითებდნენ პანდემიამდელ პერიოდშიც.

– პრობლემურია უშუალოდ სახელმძღვანელოების შინაარსი, რამდენადაც არ ასახავს სხვადასხვა დისციპლინის ფარგლებში მიმდინარე, განახლებულ თეორიულ მსჯელობებს. მსგავს პრობლემებზე, ძირითადად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა გაამახვილეს ყურადღება;

COVID-19 პანდემიის გავლენა უმაღლეს განათლებაზე:

– დისკუსიის შედეგად გამოვლინდა, რომ დისტანციური სწავლის ფორმატში რეგიონში მაცხოვრებელი სტუდენტებისთვის ძირითად დაბრკოლებას ინტერნეტთან სრულფასოვანი წვდომა წარმოადგენდა.

– დისტანციური სწავლების ფორმატი ასევე რთული აღმოჩნდა იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ დიდ ოჯახში და არ აქვთ ინდივიდუალური სივრცე.

– იმ სტუდენტების შემთხვევაში, ვინც სწავლის პარალელურად მუშაობდნენ და პანდემიის გამო დაკარგეს სამსახურები, გაიზარდა სტუდენტის სტატუსის შეჩერების რისკი.

– ზოგიერთი სტუდენტისთვის დისტანციური რეჟიმი პოზიტიურად აისახა სწავლის სამსახურთან შეთავსებაზე და ასევე, ლექცია-სემინარების ფარგლებში მათ ჩართულობაზე, რამდენადაც, ფიზიკურ სივრცეში სხვადასხვა ფსიქო-სოციალური ფაქტორების გამო, ჯგუფში აქტიურობა ერიდებოდათ. როგორც უკვე აღინიშნა, დისტანციური სწავლის ფორმატმა პოზიტიური გავლენა იქონია ხარჯების შემცირებაზე.

მეთოდოლოგია

კვლევის საველე სამუშოაები პამდემიის პერიოდს – 2020 დეკემბერი – 2021 ივლისს მოიცავდა.

კვლევისთვის ემპირიული მონაცემების შეგროვება მოხდა ფოკუს ჯგუფების საფუძველზე, ასევე, გამოყენებულ იქნა ექსპერტული ინტერვიუების მეთოდი. კვლევის პროცესში ჩატარდა 24 ფოკუს ჯგუფი, საქართველოში მოქმედ სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებთან. დამატებით, 6 ექსპერტული ინტერვიუ ჩაიწერა განათლების ექსპერტებთან, პოლიტიკური ეკონომიკის სპეციალისტებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თუ რელევანტური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან.

კვლევამ მოიცვა საქართველოს 7 დიდი ქალაქი: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, ზუგდიდი, თელავი, ახალციხე. ქალაქების შერჩევა, საკვლევი საკითხიდან გამომდინარე, დაეფუძნა მათში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებობას.

ფოკუს-ჯგუფების მონაწილეები შეირჩნენ არაალბათური შერჩევის მოდელის, კერძოდ მიზნობრივი შერჩევის პრინციპის დაცვით. შერჩევის პროცესში განსაზღვრული იყო კვლევისთვის პრინციპულ კომპონენტთა შერჩევის მეთოდი. სულ კვლევის ფარგლებში ჩატარდა 24 ფოკუს-ჯგუფი, მათგან სამი – სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან (რესპონდენტებად განისაზღვრნენ სხვადასხვა ქალაქის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები). თითოეულ ფოკუს-ჯგუფში მონაწილეობა მიიღო 6-8 რესპონდენტმა. ჯგუფები დაკომპლექტებული იყო, ერთი მხრივ, სახელმწიფო, ხოლო, მეორე მხრივ, კერძო უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისგან.