სტუდენტებს შევთავაზე შეხვედრა, ვისაუბრებთ, რას ეფუძნება ეს შიშები და რა პოზიცია გვაქვს - სამხარაძე

პუბლიკა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე „უცხოური გავლენის აგენტებზე“ კანონპროექტთან დაკავშირებით თავის ყოფილ სტუდენტებს პასუხობს. ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, რომელსაც სტუდენტებმა წერილით მიმართეს, ის გამართავს შეხვედრას წერილის ავტორებთან და კანონპროექტის შესახებ პოზიციას გააცნობს.

„ჩემმა ერთ-ერთმა სტუდენტმა გამომიგზავნა ეს წერილი… მე მათ შევთავაზე შეხვედრა. ვისაუბრებ იმ ყველა თემაზე, რაც მათ აინტერესებთ. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ, რას ეფუძნება ეს შიშები, ჩვენ რა პოზიცია გვაქვს, როგორ ვუყურებთ ამ კანონპროექტის სამომავლო ბედს, ასევე – რას იტყვის ვენეციის კომისია და ა.შ.

…პირველი მოსმენა, ეს არის მხოლოდ პრინციპი. მეორე მოსმენა არის მუხლობრივი განხილვა, თუმცა ჩვენ მეორე მოსმენას არ გავმართავთ, სანამ არ გვექნება ვენეციის კომისიის რეკომენდაცია“, – განაცხადა სამხარაძემ „ფორმულასთან“.

თუმცა დეპუტატის თქმით, კანონპროექტები დემოკრატიას საფრთხეს არ უქმნის, რადგან მისი მტკიცებით, ისინი გამჭვირვალობას ეხება. ეს კი „დემოკრატიასთან ვერანაირად ვერ იქნება წინააღმდეგობაში“.

„თუ მათ კონკრეტულ ტერმინებზე აქვთ წუხილი, ამ ტერმინებსა და წუხილებს მეორე მოსმენის დროს დეტალურად განვიხილავთ მათთან ერთად, მათი ჩართულობითაც“, – თქვა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძეს მისმა ყოფილმა სტუდენტებმა წერილით მიმართეს. ისინი დეპუტატს სთხოვენ, მხარი არ დაუჭიროს „უცხოური გავლენის აგენტის შესახებ“ კანონპროექტს.

„იმედს ვიტოვებთ, რომ საჯაროდ გამოთქვამთ კანონპროექტისადმი უარყოფით პოზიციას და შეძლებთ თქვენი კოლეგების დარწმუნებას კანონპროექტის მიზანშეუწონლობაში.

ასევე მოგმართავთ საუნივერსიტეტო სივრცეში ან თქვენთვის მისაღებ სხვა საჯარო ფორმატში შეხვედრის თხოვნით, სადაც შესაძლებლობა გვექნება მოვისმინოთ თქვენი არგუმენტები და გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები აღნიშნულ კანონპროექტთან და ქვეყანაში მიმდინარე სხვა მოვლენებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ნიკოლოზ სამხარაძის 40-ზე მეტი ყოფილი სტუდენტი აწერს.