სტუდენტებთან ყოველკვირეული შეხვედრები, საერთო საცხოვრებლის პოტენციალის შესწავლა | რას წერს სამუშია სამოქმედო გეგმაში

პუბლიკა

თსუ-ის რექტორის მოვალეობის შესრულების არჩევნებში მონაწილეობისთვის პროფესორმა ჯაბა სამუშიამ „მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა” წარადგინა.

სამუშია დასაწყისშივე აღნიშნავს, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების მაქსიმალური ვადა 6 თვეა, ეს განაპირობებს წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის მოცულობასა და შინაარსობრივ დატვირთვას.

მისი გეგმა 3-გვერდიანია და 13 პუნქტს მოიცავს. კონკურსში განაცხადი მხოლოდ ჯაბა სამუშიას აქვს შეტანილი. არჩევნები ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება.

გთავაზობთ სამუშიას სამოქმედო გეგმიდან შესაბამისს პუნქტებს. სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე;

…გამოვყოფ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხებს (რაც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით და შესაბამისი საჭიროებებით), რომლებიც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლობის პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება (რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ფარგლებში):

1 – უნივერსიტეტის მართვა მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის ინტერესების შესაბამისად. თსუ-ის სტრუქტურულ ერთეულებთან (ადმინისტრაცია, ფაკულტეტები, ინსტიტუტები) სასწრაფო რეჟიმში მიმდინარე პროცესების (სამეცნიერო, აკადემიური, ინფრასტრუქტურული) გაცნობა/ანალიზი შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველსაყოფად;

2 – მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის შეუფერხებლად წარმართვისთვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობა და ამ პროცესის სრული მხარდაჭერა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან (შესაბამის ორგანოებთან წარმომადგ. აკად. საბჭოები) თანამშრომლობით, რათა სრულად იქნას გათვალისწინებული მიმდინარე გამოწვევები;

3 – უნივერსიტეტის სახელით გარიგებებისა და შეთანხმებების (მათ შორის, საჭიროებისას, ხელშეკრულებები უნივერსიტეტსა და უნივერსიტეტის სტუდენტს შორის) ასევე ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული გარიგებების (რომელთაც ხელს ასევე აწერს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) დადება, რომლებიც წარმოადგენენ უკვე დაგეგმილ, სამუშაო პროცესში უკვე გათვალისწინებულ პროცესებს, ისევე როგორც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აუცილებლობისა და მიზანშეწონილობის შემთხვევაში სხვა ორმხრივი აქტების გაფორმების უფლებამოსილება.

4 – უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების სფეროში არსებულ და მიმდინარე პროცესების ხელმძღვანელობა, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულების თვალსაზრისით, რათა საფრთხე არ შეექმნას აკადემიური საბჭოს ფუნქციის სრულფასოვან განხორციელებას და საბჭოს მიერ გადასაწყვეტი საკითხების რეალიზებას; საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებების ინიციირება/განხილვა;

5 – მიმდინარე საერთაშორისო კოლაბორაციებში თსუ-ის ჩართულობის და ხილვადობის ხელშეწყობა.

6 – სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების თვალსაზრისით უფლებამოსილების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებების უწყვეტობა, შესაძლებლობის ფარგლებში აღნიშნული პროცესების გაუმჯობესება. აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან კონსულტაციების წარმართვა სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და სწრაფი გადაწყვეტის მიზნით;

7 – უნივერსიტეტსა და მესამე პირებს (როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიული პირების შემთხვევაში) შორის, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ფარგლებში არსებული ყველა მიმდინარე) კომუნიკაციის შენარჩუნება და არსებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განხილვა/გადაწყვეტა.

8 – აუცილებლობის და საჭიროების შემთხვევაში უნივერსიტეტის წარმომადგენლობა მესამე პირებთან ურთიერთობაში აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში (მიმდინარე პერიოდში უკვე დაგეგმილი ღონისძიებები, მოლაპარაკებები და ასევე უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აუცილებლობისა მიზანშეწონილობის შემთხვევაში სხვა ღონისძიებები, მოლაპარაკებები, შეხვედრები).

9 – სტრატეგიული განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნა;

10 – სტუდენტთა საცხოვრებელთან დაკავშირებული პოტენციალის შესწავლა შესაბამისი ფართებისა და დაფინანსების მოცულობის განსაზღვრა)

11- სტუდენტებთან ყოველკვირეული შეხვედრების გამართვა, მიმდინარე საკითხებზე (ფაკულტეტებისა და მიმართულებების, ინტერესთა ჯგუფების მიხედვით).

12 – სტუდენტური სტრატეგიის შემმუშავებელი ჯგუფის შექმნა.

13 – უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების დაწყება”, – წერია სამოქმედო გეგმაში.