სტუდენტი: იარაღიანი პირები გამოგზავნეს კლინიკაში ჩემი ვინაობის გასაგებად

პუბლიკა

სტუდენტი, რომელიც დღეს თსუ-ში საპროტესტო ბანერების გაშლის გამო სცემეს, ამბობს, რომ ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მასთან ორი, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი მივიდა, იყვნენ ნასვამები და ერთ-ერთს ჰქონდა იარაღი.

მედიის ინფორმაციით პირი, რომელსაც იარაღი ჰქონდა, პატრულმა ადგილიდან გაიყვანა.

ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაყვანილი სტუდენტი ლუკა შველიძეა, ის დღეს თსუ-ში ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად აქციას მართავდა, რის გამო, მას უნივერსიტეტის შენობაში მყოფი უცხო პირები დაუპირისპირდნენ.

„საპროტესტო აქციას ვმართავდი, დამესივნენ კობახიძის ახალგაზრდული ფრთის ბავშვები, შეუძლოდ ვიგრძენი თავი, თავში მირტყეს და ამიტომ გადმომიყვანეს საავადმყოფოში. აქ მოვიდა ორი პიროვნება და ჩემი პირადი მონაცემები მკითხეს, კითხვა დავუსვი – ვინ ხართ? რას წარმოადგენთ? სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები. ამის შემდეგ გაიქცნენ, წამოვდექი და გამოვყევი, დავინახე, რომ იარაღი აქვს. ამ საავადმყოფოში იარაღიანი ადამიანი შემოუშვეს და უკანა შესასვლელიდან გაიქცნენ. თუ პოლიციელი იყო რატომ იყო სამოქალაქო ფორმაში და რატომ იყო ნასვამი ?“ – ამბობს ლუკა შველიძე მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „პუბლიკა“ შსს დაუკავშირდა. მომხდარის შესახებ, უწყებიდან მიღებულ ოფიციალურ ინფორმაციას, მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. „პუბლიკა“ ასევე ცდილობთ ხეჩინაშვილის კლინიკასთან დაკავშირებას.