სტუდენტთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად თსუ-სთან გზა გადაკეტა

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სწავლის ჰიბრიდული მეთოდით გაგრძელების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს. მოგვიანებით მათ თსუ-სთან საავტომობილო გზა, პროტესტის ნიშნად, მცირე ხნით გადაკეტეს.

როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ილია ჭანტურია ამბობს, იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მათ მოთხოვნებზე ადეკვატურ რეაგირებას ვერ დაინახავენ, სწავლის განახლების დღეს – 2 მაისს აქციას კვლავ გამართავენ და უარს იტყვიან, დაესწრონ სააუდიტორიო სწავლებას.

სტუდენტების თქმით, 2 მაისს აუდიტორიაში სწავლის განახლება ან ეკონომიკური კოლაფსის წინაშე დააყენებს სტუდენტებს და მათ ოჯახებს ან უბრალოდ სასწავლო პროცესს მიღმა დატოვებს მათ.

„რექტორმა სემესტრის დასრულებამდე ორი თვით ადრე, სასწრაფოდ სააუდიტორო რეჟიმში სწავლის განახლების მიზეზად სწავლის ხარისხის დაცემა დაასახელა. ვითხოვთ პასუხს კითხვაზე, Როგორ გაუმჯობესდება სწავლის ხარისხი, თუ სტუდენტების დიდი ნაწილი ლექციაზე ვერ ივლის?

ადმინისტრაციამ ამ უპასუხისმგებლო და მრავალი ადამიანისთვის საზიანო გადაწყვეტილების მიზეზად ჰიბრიდული სწავლების რესურსის არქონა მოიმიზეზა. ვითხოვთ პასუხს კითხვაზე, რაში იფლანგება ჩვენი ფული, თუ არა სტუდენტებზე მორგებული სისტემის შექმნაში?

ვითხოვთ პასუხს კითხვაზე, რის საფუძველზე იღებს უნივერსიტეტი ასეთ გადაწყვეტილებას, როცა სტუდენტებს რეგიონიდან სამჯერ გაძვირებული ქირის გადახდის ნაცვლად ვერ სთავაზობს ღირსეულ სტუდენტურ საცხოვრებელს?”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

სტუდენტები ამბობენ, რომ:

  • არ გავჩერდებით, სანამ არ მივიღებთ პასუხებს!
  • სანამ არ მივიღებთ არჩევანის უფლებას!
  • არ გავჩერდებით, სანამ არ მივიღებთ ღირსეულ საერთო საცხოვრებელს!
  • სანამ არ აღვადგენთ სამართლიანობას!
  • სანამ უნივერსიტეტისთვის კვლავ არ გავხდებით მთავარი ღირებულება!
  • სანამ პასუხს არ აგებთ იმისთვის, რადაც აქციეთ ქართული სახელმწიფოებრიობის დაბადების ადგილი!

რა პასუხი აქვთ თსუ-ში?

უნივერსიტეტის ვებგვერდზე 27 აპრილს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, სრული სააუდიტორიო სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა, რადგან ვერანაირი სხვა ფორმატი – ვერც სრულად დისტანციური და ვერც ჰიბრიდული ვერ იძლევა სწავლა-სწავლების საჭირო ხარისხს.

„უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი და თანასწორი შეფასება, რაც ჰიბრიდულ / ონლაინ რეჟიმში  სრულყოფილად ვერ ხერხდება. ამასთან, ჰიბრიდულ რეჟიმში სასწავლო პროცესის წარმართვა და მათ შორის გამოცდების ჩაბარება, არათანაბარ პირობებში აყენებს სტუდენტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით შეკითხვებს, უნივერსიტეტი წერს: „პანდემიის პერიოდში თსუ-ს დაეზოგა გარკვეული ფინანსური რესურსი, თუმცა, არც თუ დიდი ოდენობის, რადგან არც ერთი სასწავლო კორპუსი ამ ხნის განმავლობაში არ დაკეტილა, თანამშრომლები შემუშავებული გრაფიკით, რეკომენდაციების სრული დაცვით დადიოდნენ და ასრულებდნენ ადმინისტრაციულ საქმიანობას, რაც აუცილებელი იყო და არის სასწავლო პროცესის წარმართვისთვის.

ამავე დროს, ზოგ მიმართულებებზე ჰიბრიდული სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა იურიდიული პირებისთვის (მათ შორის უნივერსიტეტებისთვისაც) კომუნალური გადასახადები და ზოგადად, ქვეყანაში საქონლის შესყიდვის ხარჯები. ეს იმ ფონზე, როცა არ გაზრდილა შემოსავლები. მიუხედავად ამისა, თსუ-მ მოახერხა  მცირედი რესურსის დაზოგვა, რაც მიემართა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, თსუ-მ კოვიდის გავრცელებისთანავე მოახერხა და 3000-მდე სასწავლო კურსი გადაიყვანა ონლაინფორმატში. ამ ხნის განმავლობაში შესყიდულ იქნა 200 ათას ლარზე მეტი ღირებულების ZOOM-ის ლიცენზია, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ონლაინ ლექციების უხარვეზოდ ჩატარება.