სტუდენტური პარლამენტის წევრები მოუწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობას, არ მიიღონ „აგენტების შესახებ“ კანონი

პუბლიკა

სტუდენტური პარლამენტის 100-მდე წევრი, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულების სტუდენტები და მოსწავლეები პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის სახით განსახილველად წარდგენილ კანონის პროექტს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განცხადებით ეხმაურებიან.

„წლების მანძილზე პოზიტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს პარლამენტთან და ვზრუნავთ ახალგაზრდებში სამოქალაქო განათლების დონის ამაღლებაზე, არაერთი შეხვედრა ჩაგვიტარებია პატივცემულ უმრავლესობის დეპუტატებთან, თუმცა ამ შეხვედრების სულისკვეთება არ მოდის თანხმობაში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტთან.

ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორების, სანდო ექსპერტების, მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული კანონის პროექტი ამჟღავნებს მსგავსებებს რუსულ კანონთან, რაც უაღრესად შემაშფოთებელია.

მიგვაჩნია, რომ კანონის პროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს ევროკავშირთან ინტეგრაციას, სტაბილურობასა და ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას.

გთხოვთ და მოგიწოდებთ, ნუ აქცევთ კანონად ჩვენი სახელმწიფოს მისწრაფებებისთვის მიუღებელ კანონის პროექტს!“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერთა ვინაობას სრულად გაეცანით ბმულზე.