სუბარი: ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან, მათ საქართველო აქ შეინარჩუნეს და არა პარიზში

პუბლიკა

სოზარ სუბარმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ საქართველო არ არის სალომე ზურაბიშვილის სამშობლო.

„არ სტკივა ეს ქვეყანა. ეს არ არის მისი სამშობლო, მისი ქვეყანა. ადამიანს არ შეიძლება ჰქონდეს ორი სამშობლო. მან არჩევანი გააკეთა. გააკეთა მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა რადიკალურ ოპოზიციას“. – თქვა სუბარმა.

სუბარი ამბობს, რომ „ოცნებამ“ დაუშვა დიდი შეცდომა, როდესაც საზოგადოებას პრეზიდენტის კანდიდატად ზურაბიშვილი წარუდგინა. სუბარმა ისაუბრა ზურაბიშვილის წინაპრებზეც, თქვა, რომ „პატივს სცემს ემიგრაციაში წასულებს“, თუმცა არაერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ „საქართველო გადაარჩინეს იმ ადამიანებმა, რომლებიც დარჩნენ საქართველოში და არა იმათ, რომლებიც წავიდნენ პარიზში”.

„ჩვენს წინაპრებს არ დაუტოვებიათ ეს სამშობლო, ჩვენი წინაპრები აქ დარჩნენ, ბევრი მათგანი აქ დაიხვრიტა, ბევრი მათგანი გაციმბირდა, ბევრმა მათგანმა იბრძოლა ქვეყნისთვის, შექმნეს ქართული კულტურა, ივანე ჯავახიშვილი კათედრაზე გარდაიცვალა, როცა ლექციას კითხულობდა, გალაკტიონი… რომლის მეუღლეც გადაასახლეს, ამ ადამიანებმა შეინარჩუნეს საქართველო.

მე დიდ პატივს ვცემ ემიგრაციასაც, მაგრამ მე ვერ მივიღებ სიტყვა „დეფიტიზმს“ (უიმედობა) ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ზურაბიშვილისგან, რადგან ჩვენი წინაპრები არ გაქცეულან, საქართველო აქ შეინარჩუნეს და არა პარიზში. კიდევ ერთხელ პატივისცემა მათ მაგრამ საქართველო აქ გადარჩა“. – თქვა სუბარმა.