„ხალხის ძალის“ ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, ngo-ების დაფინანსებაზე დასავლური კანონის ანალოგის შექმნა აქვთ განზრახული. ის ამბობს, რომ ის რუსულ კანონმდებლობას არც იცნობს და კანონპროექტი ამერიკაში მოქმედი კანონის მსგავსი იქნება.
რამდენიმე დღის წინ „ხალხის ძალამ“ დააანონსა საკანონმდებლო ინიციატივის შექმნა, რომელიც საქართველოში საერთაშორისო დაფინანსების და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას დაარეგულირებს. პარტიაში განაცხადეს, რომ NGO-ების დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს.
„რუსულ კანონმდებლობას არც ვიცნობ, მარტო ყურმოკვრით გამიგია. ეს ტერმინი „უცხო ქვეყნის აგენტი“, როგორც ვიცი, ამერიკიდან აქვთ აღებული. არც ვაპირებთ რუსული კანონის გაცნობას, ჩვენ დასავლური სტანდარტის აღება გვინდა. თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიული ქვეყანა უნდა ვიყოთ იმ პრინციპებით, როგორიც არის დასავლეთში.
როცა ჩვენ ამაზე ვაკეთებთ განაცხადს და ამ დროს გამოდის ამერიკის ელჩი და ამბობს, რომ ეს კრემლის სახელმძღვანელოდან არის, ეს არის შეურაცხმყოფელი ქართული სახელმწიფოსთვის და კარგი იქნება თუ ელჩი ბოდიშს მოიხდის.
საბჭოთა პერიოდის ახალგაზრდობა მაქვს და მახსოვს, მაშინ იყო ასეთი პოპულარული ლოზუნგი საბჭოთა კავშირში „დავეწიოთ და გავუსწროთ ამერიკის შეერთებულ შტატებს“. გასწრებაზე არაა საუბარი, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, მივიღოთ ისეთივე კანონმდებლობა, რომელიც არის აშშ-ში, თუ ამას გვითვლიან უკუსვლად და „ეფ ეს ბეს“ ნარატივში დაბრუნებად, მაშინ უცნაურ ვითარებაში აღმოჩენილა ელჩი“, – განაცხადა „პოსტ ტვ“-ის ეთერში სოზარ სუბარმა.
„ხალხის ძალა“ მმართველი პარტიიდან წამოსულმა რამდენიმე დეპუტატმა შექმნა. პარტიის განცხადებები გამოირჩევა ანტიდასავლური და ანტიამერიკული გზავნილებით, ასევე ხშირად ავრცელებენ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციას.