სუბარი სააკაშვილზე: 6 წელი საკმარისი დროა, რომ პროტესტის მრავალფეროვანი ფორმები მოიგონოს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პარტიის ოფისში სოზარ სუბარმა ბრიფინგი გამართა, რომლის მთავარი თემაც თვითმმართველობების მიერ 2022 წლის ბიუჯეტების დამტკიცება იყო. ამავე ბრიფინგზე სუბარს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილთან დეპუტატების შეშვებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

მიხეილ სააკაშვილი დეპუტატების მასთან შეშვებაზე ნებართვის გაცემას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში გორის ჰოსპიტალში დანიშნული მკურნალობის შეწყვეტას გეგმავს.

„შეუძლია საინიციატივო ჯგუფი შეკრას, დააყენოს ახალი ინიციატივები. როგორც გავიგე ახალი პროტესტის ფორმებს იგონებს. 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ პროტესტის მრავალფეროვანი ფორმები მოიგონოს და განახორციელოს. თუმცა ამის გარდა, სხვა საქმეებიც არის, რომლებიც არ ვიცით, როგორ დასრულდება და შეიძლება მხოლოდ 6 წელი არ იყოს.

2 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში სააკაშვილთან იყო უფრო მეტი მნახველი, ვიდრე მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ყველა პატიმართან ერთად აღებული. საკმარისი მნახველი ჰყავს. რაც შეეხება პროტესტის ფორმებს, 6 წელი საკმარისი დროა, რომ  პროტესტის მრავალფეროვანი ფორმები მოიგონოს, ან გაიზიაროს ის გამოცდილება, რაც ციხეებში საკმარისად არსებობს და  შემდეგ მორიგი გამარჯვებები იზეიმონ, როცა ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაიყვანენ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღეს ბათუმსა და ზუგდიდში 2017 წლის საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტები პროტესტის ფონზე დაამტკიცეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები ძველი მოწვევის საკრებულოს წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ არ დაამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის 2022 წლის ბიუჯეტი.

მათი თქმით, 2017 წლის საკრებულომ, რომლის უფლებამოსილებაც 1 კვირაში სრულდება, ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს და ეს შესაძლებლობა ახალ საკრებულოს უნდა დაუტოვოს.