სუბარის თქმით, გახარიას პარტიიდან საკრებულოებში შესულ დეპუტატებთან მოლაპარაკებები აქვთ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, პარტიიდან „გიორგი გახარია – საქართველოსთვის“ საკრებულოებში შესულ დეპუტატებთან კომუნიკაცია მიმდინარეობს. როგორც სუბარი აღიშნავს, ეს არ არის გადაბირება.

სუბარმა ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ ისაუბრა.

„რომ ველაპარაკოთ ადამიანს, „ვისთანაც დადექი, რეალურად ჩაიდინა გუნდის ღალატი, ქვეყნის, სამართლის ღალატი და არ არის სწორი იქ დგომა, გადმოდი სწორ მხარეს“, – ეს გადაბირება არ არის. ბუნებრივია ველაპარაკებით, ეს არის პოლიტიკური პროცესი. თუ მათ უნდათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეკრან ალიანსი, შეკრან ალიანსი – იქნება რამდენიმე ოპოზიციური საკრებულო, მერე რა?!“, – განაცხადა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. „20-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებას ველოდებით, მათ შორის საკრებულოებში, სადაც არის მეორე ტური. ერთ-ერთი არის თბილისში, საბურთალოზე. ძალიან დამაჯერებლად და მაღალი პროცენტით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცესკოს მონაცემებით, ადგილობრივ პროპორციულ არჩევნებში გახარიას პარტიას თბილისში 8.9% აქვს აღებული, საქართველოში კი 7.8%.