სუფრა სტუმრებისთვის, სასურსათო კალათები და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის სხვა ფაქტები ISFED-ის ანგარიშში

პუბლიკა

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” (ISFED) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის III შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ამომრჩევლის 17 სავარაუდო მოსყიდვაზეა საუბარი.

ერთ-ერთი შემთხვევა, რომელზეც ანგარიშშია საუბარი 6 აგვისტოს, ბათუმში მოხდა.

ISFED-ის ინფორმაციით, მსახიობებს, ასევე ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, „კარფურისა“ და ირმა ინაშვილის მხარდაჭერით სასურსათო კალათები დაურიგეს, მათ შორის: 40 კალათა დარიგდა დრამატულ თეატრში, 14 – თოჯინების თეატრში და 23 – მუსიკალურ ცენტრში, ჯამში გაიცა 77 კალათა.

როგორც ISFED-ის ანგარიშშია აღნიშნული,„სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებელთან საუბრისას, ბათუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა დაადასტურა სურსათის დარიგება, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსში“ ფაქტი არც დაადასტურეს და არც უარყვეს.

„სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, დახმარების შესახებ ინფორმაცია კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დათო ოქიტაშვილმა თავის „ფეისბუქ“ გვერდზე გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, რეგიონებში კულტურისა და ხელოვნების მუშაკთა თანადგომის კიდევ ერთი ეტაპი, საქართველოს კულტურის პალატის მიერ, ირმა ინაშვილის და „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდაჭერით განხორციელდა, სურსათის კალათები, ბათუმის გარდა, დარიგდა ქუთაისსა და ოზურგეთშიც.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 5 სექტებმერს, სენაკის მუნიციპალიტეტში ციხე-გოჯის ტერიტორიაზე პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მათი თქმით, პარტიის კოორდინატორებთან და აქტივისტებთან შეკრება გამართა.

როგორც ISFED-ის ანგარიშშია ნათქვამი, შეხვედრის შემდგომ პარტია მოწვეულ სტუმრებს სუფრით გაუმასპინძლდა. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, სუფრა მხოლოდ წევრებსა და კოორდინატორებზე იყო გათვლილი. შეხვედრის შემდგომ პარტია მოწვეულ სტუმრებს სუფრით გაუმასპინძლდა. პარტიის წარმომადგენლის განცხადებით, სუფრა მხოლოდ წევრებსა და კოორდინატორებზე იყო გათვლილი.

კიდევ ერთ შემთხვევაზეა საუბარი ანგარიშში, როცა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დედოფლისწყაროს მოსახლეობას სთავაზობს დახმარებას, კერძოდ, 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის გათვალისწინებული 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, უფასოდ ონლაინ რეგისტრაციას.

„დედოფლისწყარო ენმ/Dedoplistskaro UNM-ს ცნობით, 20 აგვისტოდან ფეისბუქ გვერდზე განთავსდება თითოეულ სოფელში საკონტაქტო პირი, ვინც უფასოდ დაარეგისტრირებს მსურველებს“ – წერია ანგარიშში.

ISFED ანგარიშში ყურადღებას ამახვოლებს აბაშაში მომხდარ შემთხვევაზეც. მათი ცნობით, 25 ივლისს, აბაშაში, საოჯახო მედიცინის ცენტრში „შანი“, აბაშის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან მაკალათიას ინიციატივით, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრის დირექტორის და შპს „შანის“ დირექტორის მხარდაჭერით, აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩატარდა.

აქციის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა აბაშის მერიის ფეისბუქ-გვერდზე. აქციის შესახებ, ერთ-ერთი მედიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში (5:55 – 6:00 წთ.), ექიმების მაგიდაზე ნათლად ჩანს „ქართული ოცნების“ დროშა. აქციის ფარგლებში, სამასამდე ბენეფიციარს გაეწია მომსახურება.

მერიის წარმომადეგნელმა „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელს უთხრა, რომ კონკრეტულ აქტივობაში მერია არ მონაწილეობდა, უბრალოდ, შპს „შანს” დაეხმარა ორგანიზებასა და მოსახლეობის ინფორმირებაში და დასძინა, რომ უზრუნველყვეს მოსახლეობის ტრანსპორტირებაც, რათა აბაშის მოსახლეობას, რომელსაც შორ მანძილზე გადაადგილება უჭირდა, გაადვილებოდა სამედიცინო შემოწმებაში მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდშიც განხორციელდა მსგავსი აქტივობა.

ISFED წერს, რომ  შპს „შანის“ დირექტორი ნანა შენგელია, წინა წლებში ჩატარებული არჩევნებისას, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი იყო.

ორგანიზაციის თქმით, საანგარიშო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ჯამში 17 ფაქტი გამოავლინეს. სრულად ანგარიშის ამ თავს გაეცანით ბმულზე;