რასაც ვაკვირდებით, სულ 100 კაცია, ვინც ამ კრიზისის ვიზუალურ წარმოჩენას ცდილობს - პაპუაშვილი

პუბლიკა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შალვა პაპუაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ამბობს, რომ მმართველი გუნდი არ განიხილავს პლებისციტის საკითხს.

როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, იმისათვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არჩევნების შედეგები, საჭიროა რაიმენაირი მტკიცებულება არსებობდეს ამასთან დაკავშირებით და არ იყოს მხოლოდ ჰაერზე საუბარი.

„ეს არის მარტივი არგუმენტაცია, როდესაც ვსაუბრობთ დიალოგის თემა რა შეიძლება იყოს, დიალოგის თემა შეიძლება იყოს სიმართლე, ხომ არ შეიძლება რომ ტყუილზე დავაფუძნოთ? ერთმა თქვას რომ გაყალბდა, ოღონდ ვერ ვამტკიცებ რომ გაყალბდა, ამიტომ ვთვლი რომ კრიზისია. სულ 100 კაცია, რასაც ვაკვირდებით, ვინც ამ კრიზისის ვიზუალურ წარმოჩენას ცდილობს, იქნება ეს პროტესტი, იქნება ეს სოციალური ქსელი თუ ტელევიზიაში გამოსვლა.

მოკლედ, ამ ადამიანების განწყობებიდან გამომდინარე ხომ ვერ დავნიშნავთ, არა? ამიტომ, არის მშვენიერი მექანიზმი, დაამტკიცონ, ერთად გამოვიკვლიოთ, რა მოხდა 31 ოქტომბერს, ჰქონდა თუ არა ამას რაიმე გავლენა. კიდევ ერთხელ ყველას შევახსენებ, რომ, გარდა ჩვენი ოპონენტების ნაწილისა, მოქალაქეები, რომლებიც ნაწილი იყო ამ ოპოზიციის და აღარ საუბრობს გაყალბებულ არჩევნებზე,  მაგალითად, „გირჩი“ აღარ საუბრობს გაყალბებულ არჩევნებზე. დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“ და მის გარშემო შეკრებილი გუნდი. ეს არის ერთადერთი გუნდი, ვინც ამაზე საუბრობს, სხვა არც უცხოელი, არც ადგილობრივი დამკვირვებელი, არავინ არ საუბრობს, რომ ეს არჩევნები გაყალბდა“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი „დღის კურიერთან“ საუბარში.