სულ ისეთი განცხადებებია და ისეთი ნაბიჯებია, რომ პოლიტიკური ვითარების გამწვავებას უწყობს ხელს - ქადაგიშვილი

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ იმ ფონზე, როცა საუბარია პოლარიზაციის შემცირებაზე, კეთდება ისეთი განცხადებები, რომლებიც პოლიტიკური ვითარების გამწვავებას უწყობს ხელს. ის განცხადებების ავტორებს მოუწოდებს, დაანებონ თავი რევოლუციური სცენარების განვითარებას, დასხდნენ და ისაუბრონ.

ქადაგიშვილმა კომენტარი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფსიქოზის რიტორიკას ნუ შევქმნით. საქართველოს ხელისუფლება და აშშ არიან სტრატეგიული მოკავშირეები. დამთავრდა, წერტილი არის აქ დასმული. ვლაპარაკობთ დეპოლიტიზაციასა და პოლარიზაციის გაღრმავების შემცირებაზე და სულ ისეთი განცხადებებია და ისეთი ნაბიჯები, რომ ამ პოლიტიკური ვითარების გამწვავებას უწყობს ხელს. ერთი მკაფიო განცხადებაა საჭირო, რომ დავანებოთ თავი რევოლუციური სცენარების ინსპირირებას და განვითარებას, დასხედით და ილაპარაკეთ.

განცხადება, რომ საქართველოს ოფიციალური პირები, მათი რიტორიკა ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისგან აცდენად, მიმაჩნია, ვამბობ ამას ღიად, არ შეესაბამება რეალობას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

21 ივლისს აშშ-ის სახელმწფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ელჩი დეგნანის მიმართ საქართველოს ხელისუფლების წევრების განცხადებებზე ისაუბრა.

„ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმა ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან“, – თქვა მან.