სულ რამდენიმე დღე გვჭირდება, რომ „ფაიზერის" იმდენი დოზა გვქონდეს, ყველა, ვინც ელოდებოდა, აიცრას - გაბუნია

პუბლიკა

„რამდენიმე დღე გვჭირდება სულ, რომ დოზების რაოდენობა იქამდე გაიზარდოს, რომ ყველა, ვინც ამას ელოდებოდა და აცრა უნდა, აიცრას”, – ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია,„ფაიზერის“ შემდეგი პარტიის ქვეყანაში შემოტანასთან დაკავშირებით შეკითხვას.

„გუშინ დიდი ნერვიულობა იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინ, რეალურად, დაიწყო მოწოდება „ფაიზერის” მილიონზე მეტი დოზის, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ ძალიან მოკლე ხანში. გუშინ იყო პირველი მოწოდება და გუშინ დაიწყო რეგისტრაცია. ეს არ ნიშნავს, რომ გუშინ რეგისტრაცია დასრულდა და მეტს ვეღარ დავრეგისტრირდებით.

ეს იყო პირველი, საწყისი ეტაპი და გაგრძელდება ეს ამბავი ძალიან სწრაფი ტემპით. მომდევნო კვირიდან, მე ვფიქრობ, ჩვენ გვექნება იმდენი დოზა უკვე ქვეყანაში, რომ აღარ იქნება მსგავსი… ჩვენ რამდენიმე დღე გვჭირდება სულ, რომ დოზების რაოდენობა იქამდე გაიზარდოს, ყველა, ვინც ამას ელოდებოდა და აცრა უნდა, აიცრას”, – ამბობს გაბუნია.

მისივე ცნობით, გუშინ გაიხსნა ნახევარი იმისა, რაც ჩამოვიდა [14 000 დოზა], ვინაიდან მომწოდებელი მოითხოვს, რომ მეორე დოზები გარანტირებულად მარაგში უნდა დარჩეს.

რაც შეეხება კონკრეტულ ვადებს, თუ როდის შემოვა „ფაიზერის” შემდეგი პარტია, მინისტრის მოადგილე ამბობს:

„ეს დეტალები არის ხელშეკრულების ნაწილი, რომელსაც იცავს კონფიდენციალობის პირობა. ამ დეტალებზე საუბარი ჩვენ საჯაროდ არ შეგვიძლია… გუშინ პირველი პარტია დაიწყო, [დანარჩენი პარტიებისთვის] მოწოდების საკმაოდ სწრაფი ტემპია დაგეგმილი”, – ამბობს ის.