აშშ-ის სენატში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეთა კანდიდატურების მოსმენისას სენატორი ჯიმ რიში, რომელიც კანდიდატებს მიმართავდა, საქართველოში არსებულ სიტუაციასაც შეეხო.
„სულ უფრო და უფრო მაწუხებს საქართველოში უკან გადადგმული ნაბიჯები. გასულ კვირაში 50-ზე მეტი ჟურნალისტი სცემეს, ერთ-ერთი მათგანი დაზიანებების შემდეგ გარდაიცვალა. 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ კი რამდენიმე მოსამართლე უზენაეს სასამართლოში დანიშნეს.
სენატორი შაჰინი იზიარებს ჩემს შეშფოთებას ამ კუთხით და არაერთი დისკუსია გვქონდა ამასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ იმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ამ საკითხების დასაყენებლად“, – განაცხადა ჯიმ რიშმა სიტყვით გამოსვლისას.
მოგვიანებით, სენატორი საქართველოს საკითხს ისევ დაუბრუნდა და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კანდიდატს კარენ დონფრიდს ჰკითხა, რას ფიქრობდა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
„მეც და კომიტეტის სხვა წევრებიც იმედგაცრუებული ვართ იმით, რაც საქართველოში ხდება. სენატორი შაჰინი და მე საქართველოში ვიმყოფებოდით 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც არჩევნები იყო. ვფიქრობდით, რომ ეს ახალი დასაწყისი იქნებოდა. ამის შემდეგ ჩვენ რეგულარულად იმედგაცრუებული ვრჩებით იმის გამო, რაც იქ ხდება.
ვაშინგტონში ჩამოდის სხვადასხვა პარტია. თითოეული მათგანი ცდილობს, დავდგეთ მათ მხარეს, ჩაგვრთონ პოლიტიკური მანევრებში, რასაც ყველა ქვეყანა აკეთებს. ჩვენ მუდმივად ვეუბნებით მათ, რომ ეს თავად უნდა გადაჭრან. ჩვენ არ ვაპირებთ, მხარეები ავირჩიოთ, მაგრამ მათ არ აქვთ დიდი წინსვლა“, – თქვა რიშმა.
სენატორის კითხვის პასუხად დონფრიდმა მადლობა გადაუხადა მათ საქართველოში მიმდინარე პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-ის ფართო ორპარტიული ჩართულობა უკიდურესად მნიშვნელოვანია ურთიერთობებში.
„დამტკიცების შემთხვევაში, მე გავაგრძელებ ძალისხმევას 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების სრული და სწრაფი შესრულებისთვის და მოვუწოდებ ყველა პარტიას საქართველოში, მხარი დაუჭირონ ამ შეთანხმებას.
არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის საარჩევნო და სასამართლო რეფორმა.
როგორც იცით, საქართველომ არსებითი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განსამტკიცებლად, თუმცა მას ბევრად მეტი მანძილი აქვს გასავლელი და მე მოვითხოვ მათგან, დაფარონ ეს მანძილი“, – თქვა დონფრიდმა.
კარენ დონფრიდის თქმით, ამასთან ერთად ის გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური გზის აქტიურ მხარდაჭერას.
„კიდევ ერთხელ დავადასტურებ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და გავაგრძელებ მხარდაჭერას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში საქართველოს ინტეგრაციისადმი, რაც დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიის სიძლიერესთან. მოუთმენლად ველოდები თქვენთან ერთად მუშაობას ამ საკითხებზე“, – მიმართა სენატს კარენ დონფრიდმა.