დეკანოზი ილია ჭიღლაძე ამბობს, რომ ეკლესიის დამოკიდებულება გარდა იმისა რომ ეპიდემიის გავრცლებისთვის ხელის შეწყობაა, ასევე სახელმწიფოს კანონთა დარღვევა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა. ამის შესახებ მან საკვირაო ქადაგებაში ისაუბრა, რომელიც Facebook-ზე გამოაქვეყნა.
„როგორ იქცევა მშობელი, როდესაც იცის რომ სკოლაში ეპიდემია ან სხვა რაიმე საშიშროებაა?! ის არ უშვებს შვილს სკოლაში და ტოვებს სახლში დროებით, სანამ არ გადაივლის საფრთხე! როგორ იქცევა მზრუნველი და მოსიყვარულე სამღვდელოება სულიერი შვილების, ანუ მრევლის მიმართ, როდესაც ხალხმრავალ სივრცეები (თუნდაც ტაძარში მასობრივი თავშეყრა, გასათვალისწინებელია ტრანსპორტირებაც ასევე) ქმნის დიდ საფრთხეს?! ის მოუწოდებს სულიერ შვილებს, რომ გაითვალისწინონ მედიცინის მუშაკთა რეკომენდაციები, დარჩნენ სახლებში დროებით, ილოცონ შინ, თანახმად უფლის სახარებისეული მცნებისა და თავად მღვდლები ილოცებენ ტაძრებში მათთვის და მთელი სამყაროსათვის და არ გააციებენ ტაძრის წმინდა სამსხვერპლოებს.
ასე მოიქცა მსოფლიო საპატრიარქო, ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის, ბულგარეთის, რუმინეთის, კვიპროსის, ალბანეთის და კრეტის ეკლესიები, ასე მოიქცა ათონის მთაც. ასე მოიქცნენ სხვა ქრისტიანული მიმდინარეობები და თვით მუსლიმური თემი მრავალ ქვეყანაში, იმისათვის რომ ეპიდემიის მასობრივი გავრცლებისათვის ხელის შემწყობნი არ გამხდარიყვნენ, შეაჩერეს საზოგადო, ანუ მასობრივი მსახურებები. და რას ვხედავთ ჩვენ საქართველოს საპატრიარქოსაგან?! ჩვენ იგივე ვერ ვიხილეთ.
პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ სულიერი შვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ შეუბრალებელი დამოკიდებულება, ეგოისტური თუ სხვა მიზნებით ნაკარნახევი ქცევა, შეფუთული რელიგიური საბურველით: იარეთ ტაძრებში, ესე იგი ნუ დარჩებით სახლებში. გარდა იმისა რომ ეს ეპიდემიის გავრცლებისთვის ხელის შეწყობაა, ესაა სახელმწიფოს კანონთა დარღვევა და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არც კეისარს ემსახურება და არც ღმერთს, რადგან არსებითი ქვის ტაძრებში შეკრება კი არა, არსებითი არის, „რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანისცმდნენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა“, – ამბობს დეკანოზი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ განცხადებები აჟიტირებული ადამიანებისა, რომლებიც აცხადებენ ეგოისტურ სურვილს ზიარებისა და ტაძარში სიარულს, არის ცრუ რელიგიური ფსევდომორწმუნეობა ,ხიბლსა და ამპარტავნობაზე დაფუძნებული, რადგან რამდენიმეკვირიანი თმენა მოყვასთა სიცოცხლეზე ზრუნვის მიზნით აღემატება საკუთარ რელიგიურ სურვილებს.
„ამით იმას კი არ ვამბობ, რომ ტაძარში არ ვიაროთ, არამედ იმას, რომ ჭეშმარიტ რწმენა და ღვთისმოსაობა ქვის ტაძრების გარეშეც აღესრულება და ისტერიული ვიშვივი, წივილი, არიქა ტაძარში ვერ გავაცდენ სიარულს ერთი თვეო, არის ხიბლისმიერი და ეგოსტური ვნება, რომელიც მთავარ მცნებას, მოყვასის სიყვარულს, შესაბმისად, მისი სიცოცხლის გაფრთხილებას ფეხქვეშ თელავს“, – ამბობს დეკანოზი.