საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების [უკრაინის დასჯასა და დაჩაგვრაზე] სულისკვეთებას სრულად იზიარებს.
მისი თქმით, როგორც 2008 წელს იყო საქართველოს დასჯის მცდელობა, ახლაც ეს არის უკრაინის დასჯის მცდელობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერის განცხადება განმარტა ჟურნალისტებთან და თქვა, რომ რუსეთი ცდილობს, თავისუფლებისმოყვარე ხალხი და ქვეყნები დასაჯოს და სწორედ ამაზე საუბრობდა პრემიერი.
„სამწუხაროდ, ვხედავთ მანიპულაციას იმისთვის, რომ როგორმე განწყობები ხელისუფლების მიმართ იყოს უარყოფითი ქვეყნის შიგნით. ამას აკეთებენ პოლიტიკური პარტიები და მათთან დაკავშირებული ტელევიზიები. ჩვენ ვნახეთ ეს ბოლო პერიოდი აზრის ცენზორები, სიტყვის ცენზორები, სიტყვით მანიპულატორები.
რაც შეეხება ამ განცხადებას, რა თქმა უნდა, არათუ დღეს უკრაინაში, არამედ 2008 წელს საქართველოშიც, რუსეთი ცდილობს, თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელიც ცდილობს გაწევრდეს NATO-ში, ევროკავშირში, დასაჯოს ამ თავისუფლების მოყვარულობისთვის. ამაზეა საუბარი და პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების, სწორედ ამაზე, რომ აღუდგეს ამას წინ,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა მისცეს რუსეთს ამის საშუალება.
„სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის“, – განაცხადა გუშინ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.