სურსათის 614 ნიმუშიდან ტყვიის შემცველობაზე დარღვევა სანელებლების 4 ნიმუშში გამოვლინდა - სააგენტო

პუბლიკა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ტყვიის შემცველობაზე გამოკვლეული სურსათის 614 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ სუნელ-სანელებლების 4 ნიმუშში გამოვლინდა.

სააგენტოს ცნობით, ისინი ტყვიის შემცველობის კვლევას მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათში, სასმელ წყალსა და ალკოჰოლიან სასმელებში რეგულარულად ახორციელებენ.

სააგეტოში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, უკვე აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია ცხოველური წარმოშობის სურსათის, მათ შორის, ჩვილისა და ადრეული ასაკის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი სურსათის 250-ზე მეტი ნიმუში, სასმელი წყლის 142 და ალკოჰოლიანი სასმელის 25 ნიმუში/სინჯი, რომელთაგან დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

„რაც შეეხება მცენარეული წარმოშობის სურსათს, აღებული 197 ნიმუშიდან, დასაშვებ ნორმას ტყვიის შემცველობა სუნელ-სანელებლების 4 შემთხვევაში აღემატებოდა:

  • წითელი წიწაკა დაღერღილი, ყვითელი ყვავილი (2 ნიმუში) – რეალიზატორი – ფიზიკური პირი – ნიმუშის აღების ადგილი – თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ.135 (ე.წ. დეზერტირების ბაზრის მესამე სართული-დახლთან მოვაჭრე);

  • მშრალი აჯიკა მეგრული (1 ნიმუში) – შპს „ნთკ 2016“ – ნიმუშის აღების ადგილი – ბათუმი, მაიაკოვსკის ქ 4. ბაზრის მიმდებარე ტერიტორია;

  • წითელი წიწაკა (1 ნიმუში) – ფიზიკური პირი – ნიმუშის აღების ადგილი – ქობულეთი, თავისუფლების ქ. 15 (აგრარული ბაზრის ტერიტორია)“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, დაგეგმილია როგორც ცხოველური (544), ასევე მცენარეული წარმოშობის (374) 918 ნიმუშის, სასმელი წყლის 402 და ალკოჰოლიანი სასმელის 75 ნიმუშის/სინჯის აღება.


ტყვია არის მძიმე ლითონი, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს. ჭარბი რაოდენობით იგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და იწვევს სხვადასხვა გართულებას. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველობა სურსათსა და წყალში დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს.