სურსათის ეროვნული სააგენტო NAMEDSPORT-ის პროტეინის წასახემსებელ ფილებს იღებს.
სააგენტოში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გენერალური დირექტორატის ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით მიიღეს „საინფორმაციო შეტყობინება რეაგირებისთვის“, რომელიც იტალიური ბრენდის NAMEDSPORT მიერ წარმოებულ სხვადასხვა არომატის პროტეინის წასახემსებელ ფილებში ობის აღმოჩენის ფაქტს შეეხება.
„იტალიის კომპეტენტური ორგანოს მიერ ბიზნესოპერატორთან – NAMEDSPORT განხორციელებული სახელმწიფო კონტროლისას, სხვადასხვა დასახელების პროტეინის ფილაში – THUNDER BAR Exotic Coconut Flavour – 50g, THUNDER BAR Exquisite Chocolate Flavour – 50g, THUNDER BARExcellent Pistachio Flavour – 50g (ვარგისიანობის ვადა 31.10.24) აღმოჩნდა ობი. შეტყობინებაში ასევე აღნიშნულია, რომ მწარმოებელმა მყისიერად გაააქტიურა ზემოაღნიშნული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვის პროცედურები”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში აღნიშნული დასახელების სურსათის – პროტეინის ფილების იმპორტი 2023 წელს, შპს „პსპ ფარმას“ მიერ განხორციელდა.
სააგენტოს ცნობით, შეტყობინების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს შპს „პსპ ფარმას“კუთვნილ ობიექტში.
ბიზნესოპერატორს აეკრძალა სურსათის რეალიზაცია და დაევალა სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთა, ბაზარზე უკვე განთავსებულის ამოღება, რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების თაობაზე სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება.