სურვილი ჰქონდა, რომ არ გადაეპარსა თმა, თუმცა დააკმაყოფილა მოთხოვნა - ადვოკატი

პუბლიკა

მარტის აქციებზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლაში ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პენიტენციურმა დაწესებულებამ თმის გადაპარსვა მოსთხოვა. მას ამის სურვილი არ ჰქონდა, თუმცა დაემორჩილა მოთხოვნას. ამის შესახებ „პუბლიკას” ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა უთხრა:

„ძალით გადაპარსეს არა… ზოგადად ასე ხდება ხოლმე, მიუთითეს, რომ გადაეპარსა და დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.

ყოველ შემთხვევაში, სურვილი ჰქონდა, რომ არ გადაეპარსა…თუმცა რიგ შემთხვევებში ასე ხდება ხოლმე, როდესაც დაკავებული შეჰყავთ დაწესებულებაში”, – განაცხადა ადვოკატმა „პუბლიკასთან” საუბრისას.

ადვოკატ თათია მანიჟაშვილის თქმით, აღნიშნულ საკითხზე დამატებით მოკვლევას ჩაატარებენ.

„ამ საკითხს აუცილებლად გავარკვევთ, ლაზარეს სურვილიდან გამომდინარე. თუმცა, მიმდინარე რა საქმეებიც მაქვს, ყველას მიმართ განხორციელდა ანალოგიური ქმედება. რაც დაგვიფიქსირა არის ეს, რომ სურვილი ჰქონდა, არ გადაეპარსა, თუმცა ვინაიდან იქ ასეთი მოთხოვნაა და დადგენილების საფუძველზე ასე ხდება, ამიტომ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის მოთხოვნა”, – განაცხადა ადვოკატმა. 

როგორც დაწესებულების დატოვების შემდეგ მისმა მეორე ადვოკატმა ლიკა ბითაძემ  მედიასთან განაცხადა: „როგორც თვითონ განმარტა, ციხეში არის ნორმალურ პირობებში, ერთადერთი შენიშვნა ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ მინდოდა თმის გადაპარსვა და გადამპარსესო თმა”, – განაცხადა ადვოკატმა.

პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს მას თმა მთლიანად გადაპარსეს, მითუმეტეს მისი ნების საწინააღმდეგოდ.

„დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული გაეცნო მის უფლებებსა და მოვალეობებს, მათ შორის საპარიკმახერო მომსახურებით სარგებლობის უფლებას.

მან ისარგებლა პატიმრობის კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული საპარიკმახერო მომსახურების უფლებით“, – განაცხადა უწყებამ.

ასევე, მათივე თქმით, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა მასთან არ შეუშვეს ადვოკატი.