სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, „თითქოს უკრაინის დაზვერვის მასალებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური უსაფრთხო კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები“.
უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ გამოავლინეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სპეციალური, დაცული კომუნიკაციის ტერმინალების ქსელები უკრაინასთან ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე.
„რუსი ოკუპანტების გეგმების შესახებ ამ ტერმინალებიდან მიღებული ინფორმაციის ფართო გამოყენების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მათი გეოლოკაციის საჯაროდ გამოქვეყნებისა და მათი განადგურების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.
დაზვერვამ გაავრცელა რუკაც, სადაც სხვა ტერმინალებთან ერთად, ერთი ტერმინალი საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული, ორი კი აფრიკის.
„თავის მხრივ, არანაირი მსგავსი ინფორმაცია არ მიგვიღია უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც. ამ უკანასკნელმა, გავრცელებულ განცხადებაში, მიუთითა ასეთი ქსელების უკრაინასთან, ფრონტის ხაზზე და აფრიკის კონტინენტზე არსებობის შესახებ. ამავე დროს, განცხადებასთან ერთად გამოქვეყნებულ ფოტოზე დატანილმა ლოკაციამ დატოვა მათ მიერ გახმოვანებული ინფორმაციის არასწორი ინტერპრეტაციის სივრცე საქართველოს შესახებ.
ჩვენ პროაქტიულად ვცდილობთ გავარკვიოთ, რით იყო გამოწვეული, მათივე განცხადებისგან განსხვავებული ისეთი მასალის გავრცელება, რომელმაც კონკრეტულ ჯგუფებს საქართველოში ცრუ და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიის წარმოების საშუალება მისცა“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.