სუს: „არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ ტერორისტული თავდასხმების საფრთხეზე“

პუბლიკა

სუსში არასწორს უწოდებენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ისრაელელი დეპუტატები თბილისში არ ჩამოვიდნენ ტერორისტული საფრთხის გამო.

„არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ. ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.

ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება. კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, — ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელელი დეპუტატები იძულებულნი გახდნენ, ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო, შაბათ-კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გაეუქმებინათ.