სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დააკავეს პირი, რომელმაც 2024 წლის 15 თებერვალს ქუთაისი-ბარსელონის ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებლის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინება გაგზავნა.
უწყების ცნობით, დაკავებულმა ავიაკომპანია WizzAir-ის სათავო ოფისში, უნგრეთში სხვისი ტელეფონით დარეკა და ცრუ შეტყობინება გაგზავნა.
მიღებული შეტყობინების შემდეგ უკვე აფრენილი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში დაბრუნდა. სუს-მა, შსს-სან ერთად ბორტი შეამოწმა და განაცხადა, რომ იქ ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ ყოფილა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ აქტიურად აგრძელებს გამოძიებას სხვადასხვა ცრუ შეტყობინების ფაქტზე.
„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ შეტყობინებების უმეტესობა განხორციელებულია უცხო ქვეყნებიდან. გამოძიების ფარგლებში გატარებული ოპერატიული და ფარული ოპერაციების შედეგად, იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული პირები და ჯგუფები როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
რაც შეეხება ცრუ შეტყობინებებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებულია ყველა შესაბამისი ღონისძიება საფრთხეების იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით”. – აცხადებს უწყება.