სუსი: დავაკავეთ უკრაინის 2 მოქალაქე - ავტომანქანაში ნაპოვნია 2.4 კგ. ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია უკრაინის ორი მოქალაქე.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა, MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ა/მანქანამ, უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთის და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვები პუნქტის სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა.

„მისი შეჩერებისა და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ასაფეთქებელ ნივთიერება „ტროტილზე“ ძლიერმოქმედ ნივთიერებას.

გამოძიებით ამ ეტაპზე დგინდება, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, ზემოთ ხსენებული ავტომანქანის მძღოლს მ.ს.-ს, უკრაინის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა გადასცა შენიღბულ კასრებში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება და განუმარტა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდგომ, მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი გამოართმევდა აღნიშნულ ნივთიერებას.

უკვე დაკავებულია, ასევე უკრაინის მოქალაქე დ.ჟ., რომელმაც მიაკითხა მძღოლ მ.ს.-ს და გამოართვა, სამალავებში განთავსებული დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება.

ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ამოღებულია 8 ერთეული მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა ქვეყნის მობილური ოპერატორის სიმბარათები და ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას და გადაზიდვას გულისხმობს. დაკავებულებს ბრალად 260-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებაც წარედგინებათ მათი ჩხრეკისას ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით.

ბუნებრივია გამოძიება გაგრძელდება საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად – მზადდებოდა ტერორისტული აქტი საქართველოში, საქართველო გამოიყენებოდა სატრანზიტო ქვეყნად თუ სხვა. შესაბამისად მოხდება დაკავებული პირების მიმართ სამართლებრივი კვალიფიკაციის დაზუსტება და საჭიროების შემთხვევაში საზოგადოების შემდგომი ინფორმირება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებს ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.