სუს-ი: აიდაჰოს შტატში ძებნილი პირი ბათუმში დავაკავეთ

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის შესაბამის უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე, ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად აშშ-ის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც არასრულწლოვნის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული და აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნებოდა.

„დაკავებული პირი, არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნება.

ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოთხოვნილი ღონისძიებების შედეგად, ამოღებულ იქნა დაკავებული პირის კუთვნილი ნივთები, მათ შორის, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, პორტატული კომპიუტერები და სხვადასხვა სახის სპეციალური დანიშნულების ელექტროტექნიკა.

დაკავებული პირის მიმართ განხორციელდება სამართლებრივი მოქმედებები აშშ-ში მისი შემდგომი ექსტრადირების და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების გადაცემის მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.