სუს-ი: რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე თავისუფლები არიან

პუბლიკა

რუსული საოკუპაციო ძალების მიერ მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი და უჩა ჯოხაძე თავისუფლები არიან.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლაშა ხეთერელი უკანონოდ 2023 წლის 3 ივლისს, გორის სოფელ გუგუტიანთკარში დააკავეს, ხოლო უჩა ჯოხაძე – მიმდინარე წლის 10 სექტემბერს გორის სოფელ წითელუბნის მიმდებარედ. ისინი ახლა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

უწყების ცნობით, ლაშა ხეთერელის და უჩა ჯოხაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

სუს-ი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.