სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ „სატრანსპორტო კომპანიის“ 4 თანამშრომელი დააკავა

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ქრთამის აღების და თაღლითობის მცდელობის ბრალდებით, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ხსენებული პირები თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ სხვადასხვა პირისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას.

„ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული პირი, რომლებმაც სამსახურებრივი მფარველობისათვის ერთობლივად ან ცალ-ცალკე გადასცეს თანხა სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს. ზემოთ ხსენებული ქმედების შედეგად დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღეს, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.