სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული აშშ-ის მოქალაქე ფრენკ იანეზი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
უწყების ცნობით, მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად იყენებდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმს, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებს. ინფორმაცია მუდმივ რეჟიმში მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ოსური მხარის ცნობით, აშშ-ის მოქალაქე 27 ივლისს დააკავეს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, დღეს კი „რესპუბლიკიდან“ გამოაძევეს და ქართულ მხარეს გადმოსცეს.
ცხინვალი მომხდარზე პასუხისმგებლობას ქართულ მხარეს აკისრებს საზღვრის არაღიარების და დემარკაციაზე უარის თქმის გამო.
საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.